ევროვიზია 2021

ევროვიზია 2021-ის ქართველმა მონაწილემ, თორნიკე ყიფიანმა ქალაქ როტერდამში, „აჰოი არენაზე“ დღეს კიდევ ერთი რეპეტიცია გაიარა.

სასცენო დადგმის ბოლო დეტალებზე მუშაობა დასრულებულია, მომდევნო კვირიდან ქართველი კონკურსანტი უკვე გენერალურ რეპეტიციას გაივლის. დღეს ასევე გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ჟურნალისტებს შესაძლებლობა ქონდათ, თორნიკე ყიფიანისთვის შეკითხვები დაესვათ. საკონკურსო სიმღერას სახელწოდებით, „იუ“ ქართველი კონკურსანტი ევროფესტივალის ნახევარფინალში 20 მაისს შეასრულებს. სწორედ 20 მაისს გაირკვევა ევროვიზიის ფინალისტების ვინაობა.

რიგით 65-ე ევროფესტივალს 39 მონაწილე ქვეყანა ჰყავს. პირველი ნახევარფინალური ტური 18 მაისსაა ჩანიშნული და მასში 16 კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას, 20 მაისს მეორე ნახევარფინალურ ტურს კი 17 მონაწილე ეყოლება. ევროვიზიის წესების მიხედვით ფინალში ავტომატურად გადავიდა 5 ქვეყანა: გერმანია, იტალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გასული წლის გამარჯვებული ქვეყანა, ნიდერლანდები.