ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების განცხადება

საქართველო ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაჯვარედინზეა, – ეს განცხადება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ გაავრცელეს. მათ ხაზი გაუსვეს, რომ 12 პრიორიტეტი საქართველოსთვის ახალი არ არის და დიდწილად ემთხვევა იმ რეფორმებს, რაც მოცემულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკანასკნელ რეზოლუციაში.

ნომერ პირველ გამოწვევად უკიდურესი პოლარიზაციის აღმოფხვრა სახელდება, რაც ყველა პოლიტიკური ძალის თანაზომიერ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე ოპოზიციის. ამ კონტექსტში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები გმობენ გახშირებულ თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ ხელმძღვანელობაზე.

ასევე ვკითხულობთ ჩანაწერს ყოფილი პრეზიდენტის შესახებ: „ბატონი სააკაშვილის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და სააკაშვილის ოჯახს, სწრაფად მიაღწიონ კონსენსუსზე დაფუძნებულ შეთანხმებას, რომლის თანახმად, უცხოელი ექიმების დაშვება მოხერხდება მკურნალობის პროცესში. წერია განცხადებაში.