ოპოზიცია ევრონესტის რეზოლუციის წინააღმდეგ

პარლამენტში ხმაური მოჰყვა გიორგი ვაშაძის გამოსვლას.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე ქართულ დელეგაციაში მყოფი ოთხი ქართველი ოპოზიციონერი დეპუტატი მწვავე კრიტიკის სამიზნეა. მმართველი გუნდი ოპონენტებს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს. ადრესატები განმარტებების რეჟიმში არიან. დავის საგანია ასამბლეაზე მაკა ბოჭორიშვილის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომლის ინიცირება არასაკმარისი ხელმოწერების გამო ვერ მოხერხდა. საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროინტეგრაციის და დეოკუპაციის მხარდამჭერ პროექტს ქართველმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და უკრაინის დელეგაციის წევრებმა ხელი არ მოაწერეს. მხოლოდ მოლდოველი დეპუტატების ხელმოწერები კი საკმარისი არ აღმოჩნდა. დამდგარ შედეგზე დელეგაციის ოპოზიციონერი წევრები პასუხისმგებლობას ,,ქართულ ოცნებას” აკისრებენ და რეზოლუციის პროექტის ჩავარდნას კომუნიკაციის ნაკლებობით ხსნის. თუმცა, ეს განმარტება ოპოზიციურ სპექტრშიც კი გაუგებარია. ბრიუსელში განვითარებული მოვლენების გამო ქართული დელეგაციის ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტს გარეთაც გააკრიტიკეს. ბრიუსელიდან დაბრუნებულებმა აეროპორტი პოლიციის დახმარებით დატოვეს.