ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი თვით ადრე, ქართული მხარე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ელოდება. საქართველომ ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვენეციის კომისიაში ის კანონპროექტები გაგზავნა, რომლებიც 12 რეკომენდაციის შესასრულებლად პარლამენტმა განიხილა. ეს ეხება: საარჩევნო კოდექსს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მუხლებს და საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებს.
ვენეციის კომისიაში ასევე გაიგზავნა მთავრობის მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმა, რომელიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდებას გულისხმობს. რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი შეფასებები კეთდება.