მუშაობა ევრორეკომენდაციების შესრულებაზე

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მომდევნო სამუშაო შეხვედრა დაახლოებით ორ კვირაში შედგება. კანონმდებლები ცხრა ახალი დავალების შესრულებაზე იმსჯელებენ. ჩაერთვება თუ არა ოპოზიციური სპექტრი სამუშაო პროცესში და როგორი იქნება პარტია „ლელოს“ პოზიცია, რომელიც პირველ სამუშაო შეხვედრას გაემიჯნა და საკუთარი, ალტერნატიული გეგმა წარმოადგინა, ჯერ უცნობია.

შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანია. ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან ევროკომისიის ცხრა პუნქტის შესრულების პროცესს სკეპტიკურად უყურებს, თუმცა, ყველა სამუშაო ფორმატში აქტიურ ჩართვას აანონსებს. უმრავლესობაში კი ყურადღებას კონსტრუქციული მუშაობის მნიშვნელობაზე ამახვილებენ და „ლელოს“ ქმედებას მოსალოდნელ ბოიკოტს უწოდებენ. „ლელოს“ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს ოპოზიციის ნაწილიც.