ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“ ბელგიის ქალაქ ლიეჟში აბრეშუმის მუზეუმის კოლექციისა და ხელოვან თამუნა ჭაბაშვილის ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს. ექსპოზიცია 16 დეკემბრამდე გაგრძელდება. გამოფენაზე წარმოდგენილი 143 ექსპონატი – აბრეშუმის პარკების, ქსოვილებისა და ძაფების ნიმუშები საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარებას ასახავს. მუზეუმმა წარადგინა ვიზუალური ხელოვნების ოსტატის, თამუნა ჭაბაშვილის ორი ნამუშევარიც – „მოსაჩითი ნიმუშების წიგნი“ და „მოსასხამი“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-მდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება. ევროპის საზოგადოებას ოთხი თვის განმავლობაში, ეროვნული საგანძურის ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენის ნახვის შესაძლებლობა აქვს.