ევროკომისიის ანგარიში დღესაც პოლიტიკური შეფასებების თემაა. რამდენად არის დაახლოებული საქართველო ევროკავშირის სტანდარტებთან – ევროკომისია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შემდეგ მიღებული კითხვარის პასუხების გაანალიზების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტი მართლმსაჯულების, სოციალურ, საგარეო პოლიტიკას, საგანმანათლებლო თუ ეკონომიკურ საკითხებს მოიცავს და საუბარია იმაზე, თუ რა აქვს გაკეთებული და გასაკეთებელი ქვეყანას 32 სფეროში. თითოეული მიმართულებით მიღწეული პროგრესი ხუთეტაპიანი სკალითაა შეფასებული. მომზადების ადრეული ეტაპი; მომზადების გარკვეული დონე; საშუალოდ მომზადებული; მომზადების კარგი დონე; და კარგად განვითარებული.
საქართველოს, უკრაინისა და მოლოდოვის შესახებ მომზადებული დოკუმენტების თანახმად – საქართველოს მომზადების ადრეული ეტაპი აქვს ექვს მიმართულებაში, უკრაინას 8-სა და მოლდოვას 12-ში, მომზადების გარკვეული დონე საქართველოს აქვს 17 სფეროში, უკრაინას 15-ში, ხოლო მოლდოვას 17-ში.
ოფიციალური თბილისი საშუალოდაა მომზადებული ცხრა დარგში, კიევი – 5-ში, კიშინიოვი კი – 3-ში. მომზადების კარგი დონე მხოლოდ უკრაინას აქვს ოთხი მიმართულებით, საქართველოსა და მოლდოვას კი არა. კარგად განვითარებული – ამ საფეხურზე ვერცერთი ქვეყანა ვერ ავიდა. უმრავლესობის წევრების განცხადებით, აღნიშნული ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ყველა პარამეტრით ინარჩუნებს ლიდერობას ევროინტეგრაციის ფარგლებში მიღებული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.