„ახლა დროა, შესრულდეს ცხრა ნაბიჯი და თავიდან აიცილოთ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებას შექმნის”,– ამის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრების განცხადებაში ვკითხულობთ, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. ტექსტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. დელეგაციამ საქართველოს ხელისუფლებას გაუზიარა შეშფოთება რამდენიმე ბოლოდროინდელ ინიციატივასთან დაკავშირებით, მათ შორის არის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ამასთან, ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის დამკვირვებლები მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე. საქართველოში მყოფი დელეგაციის წევრები შეხვდნენ პრეზიდენტს, პრემიერს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრები ასევე ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას ეწვევიან და საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ.