ევროკავშირის ანგარიში

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში მყოფი საქართველო, დადებით შეფასებას იღებს ევროკავშირისგან ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. საუბარია მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ყოველწლიურ ანგარიშზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს. თუმცა, მათი აღსრულება/განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს. საუბარია, ასევე რომ არის წინსვლა საარჩევნო სისტემის, საჯარო მმართველობის რეფორმების, გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით.

ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ შემდგომი ძალისხმევა საჭიროა სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში. „ 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და გამოაცხადა მზადყოფნა, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტები შესრულდება. ეს პრიორიტეტები დემოკრატიული პრინციპების განმტკიცების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებების საკითხებს მოიცავს. “, – ვკითხულობთ ანგარიშში.