ევროკავშირის რეკომენდაციები - სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

პრემიერის პოსტზე ოფიციალურად წარდგენამდე ირაკლი კობახიძემ პოლიტიკურ ჯგუფებს ევროკომისიის ცხრაპუნქტიანი დავალების შესრულების გეგმა გააცნო.

კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ გაცემული ახალი რეკომენდაციების გარშემო დღეს პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მთავარი მომხსენებელი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო. წინა 12 რეკომენდაციისგან გასხვავებით, დღევანდელ შეკრებაზე ოპოზიცია უფრო დიდი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. შეხვედრაზე თითქმის ყველა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წევრები მივიდნენ. პროცესს მხოლოდ „ლელო“ გაემიჯნა, რის გამოც ხაზარაძის გუნდი ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმაც გააკრიტიკეს. ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან ევროკომისიის ცხრა პუნქტის შესრულების პროცესს სკეპტიკურად უყურებს, თუმცა ყველა სამუშაო ფორმატში აქტიურ ჩართვას გეგმავს და კონკრეტულ საკითხებზე საკუთარი წინადადებების წარდგენასაც აანონსებს. სწორედ ცხრა ახალი რეკომენდაციის შესრულებაზეა დამოკიდებული, დაიწყება თუ არა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსთან მოლაპარაკებები.