საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის საპარლამენტთაშორისო კონფერენცია

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველო დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობას აძლიერებს.

თბილისში ჩამოვიდნენ სერბეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინას, მონტენეგროს და ალბანეთის საპარლამენტო დელეგაციები. საქართველო პარლამენტთაშორის კონფერენციას პირველად მასპინძლობს. ოთხივე ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უკვე აქვს. ალბანეთთან და მონტენეგროსთან კი წევრობაზე მოლაპარაკებებიც გაიხსნა. იმ ფონზე, როცა საქართველოს ევროინტეგრაციის მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად ევროკომისიის ცხრაპუნქტიანი დავალება აქვს შესასრულებელი, ოთხივე ქვეყნის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ყველა გამოსვლაში აქცენტი კანონის უზენაესობაზე და კორუფციასთან ბრძოლაზე გაკეთდა. ხელისუფლების და ოპოზიციის თანამშრომლობა, პოლიტიკური კონსენსუსი და რეფორმების სწრაფად გატარება – ასეთი იყო ევროკავშირის ელჩის მთავარი მოწოდება.