ევაკუაცია დელავერის რეზიდენციიდან

დელავერის რეზიდენციიდან აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ევაკუაცია მოხდა. ინფორმაციას „სიენენი“ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე წყაროს ინფორმაციით, ჯო და ჯილ ბაიდენები დელავერის შტატში მდებარე სახლში ისვენებდნენ, როდესაც აკრძალულ საჰაერო სივრცეში მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი შეამჩნიეს. ინციდენტის გამო, შესაბამისმა სამსახურებმა სიფრთხილის ზომები მიიღეს და აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ევაკუაცია მოახდინეს. აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი მალევე დაბრუნდნენ თავიანთ რეზიდენციაში. ოფიციალური პირის ცნობით, აკრძალულ ზონაში თვითმფრინავი შეცდომით მოხვდა და პილოტთან კომუნიკაციის შემდეგ, მან ტერიტორია დატოვა.