ერთობლივი განცხადება

„აშშ-ი და საფრანგეთი ადასტურებენ ერთგულებას, დგანან ქართველი ხალხის გვერდით მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში“ – ამის შესახებ ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტიას პატივი სცენ საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: „აშშ და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიის ყველა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში. საფრანგეთში ჯო ბაიდენი ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრო.