ზუგდიდში ექიმები გაიფიცნენ. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის 50- მდე თანამშრომელი დილიდან გაიფიცა. მედიკოსების თქმით, მათი პოლიკლინიკა უნდა შეერწყას ტატიშვილის ტრავმატოლოგიურ კლინიკას. შესაბამისად, დევნილთა პოლიკლინიკის სტატუსი იკარგება. გაფიცული ექიმები ამბობენ, რომ პოლიკლინიკის შენობა მათი დანაზოგებით და მოგების თანხით არის აშენებული და ის თითქმის 30 წელია ფუნქციონირებს. მათივე თქმით, 45 ათასამდე აფხაზეთიდან დევნილს ემსახურებიან, რომელთა უმეტესობა სოციალურად დაუცველია და თუ მოხდება კლინიკების გაერთიანება, გაიზრდება ტარიფებიც, რომელიც მათი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის თანამშრომლებმა უკვე მიმართეს პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკის სამინისტროს, რომ ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკა არ შეუერთდეს სხვა რომელიმე კლინიკას და შეუნარჩუნდეს პროფილი. ექიმების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილება, ისინი პროტესტის სხვა ფორმას მიმართავენ. პოლიკლინიკის გასხვისების გეგმას არ ადასტურებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. მათი განცხადებით მიმდინარეობს თანამედროვე მართვის სისტემის დანერგვა, რომელიც გულისხმობს პოლიკლინიკების ლოკაციურ გაერთიანებას, რაც დევნილი მოსახლეობისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზებისკენ არის მიმართული და ტარიფების ზრდას არ გულისხმობს.