ე.წ. ბრექსიტის საკითხი - ტერეზა მეი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

ტერეზა მეი ბრიუსელში იმყოფება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟან კლოდ იუნკერთან და ევროკავშირის  საბჭოს ხელმძღვანელთან აქვს დაგეგმილი შეხვედრა.

ტერეზა მეისთან ერთად, შეხვედრას ბრიტანეთის მხრიდან  მინისტრი ე.წ. ბრექსითის საკითხებში დევიდ დეივისიც დაესწრება. ბრიტანეთში ამბობენ, რომ შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, იმ ფონზე, რომ 14-15 დეკემბერს ბრიუსელში სამიტია დაგეგმილი, სადაც გადაწყდება, გადადის თუ არა ბრიტანეთი მოლაპარაკების მეორე ფაზაზე.

ევროკავშირი და ბრიტანეთი სამ საკითხზე ვერ თანხმდება, ესენია: ბრიტანეთის ფინანსური ვალდებულებები, ჩრდილოეთ ირლანდიასთან საზღვარი და ბრიტანეთში მცხოვრები ევროკავშირის მოქალაქეების უფლებები.

თუ მხარეები სამივე საკითხზე შეთანხმებას მიაღწევენ, ბრიტანეთი და ევროკავშირი მოლაპარაკების მეორე ფაზაზე გადავლენ.