ასტრონომთა განმარტებით, სამყარო დიდი აფეთქების შედეგად გაჩნდა. ამ იდეის მიხედვით, სამყარო მხოლოდ ერთი წერტილიდან დაიწყო, შემდეგ გაფართოვდა და იმხელა გახდა, რამხელაც ახლაა; ეს პროცესი ამჟამადაც გრძელდება.
1927 წელს, ბელგიელ ასტრონომ ჟორჟ ლემეტრს ერთი დიდი იდეა გაუჩნდა. იგი ამბობდა, რომ ძალიან დიდი ხნის წინ, სამყარო მხოლოდ ერთი წერტილიდან გაჩნდა. ამბობდა იმასაც, რომ მას შემდეგ ის გაიჭიმა, გაფართოვდა და ასე გაგრძელდება მომავალშიც.
სამყარო ძალიან დიდია და თანაც, ძალიან დიდი ხნისაა. ნამდვილად ძნელი წარმოსადგენია ფიქრი იმის შესახებ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.
ორი წლის შემდეგ, ასტრონომმა ედუინ ჰაბლმა შენიშნა, რომ სხვა გალაქტიკები ჩვენ გვშორდებიან და თანაც, ეს ყველაფერი ამით არ სრულდება; უფრო შორს მდებარე გალაქტიკები ჩვენთან ახლოს მყოფებზე უფრო სწრაფად მოძრაობენ.
ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სამყარო ჯერ კიდევ ფართოვდება, ზუსტად ისე, როგორც ამას ლემეტრი ფიქრობდა. თუ ობიექტები ერთმანეთს შორდება, ეს იმის ნიშანია, რომ დიდი ხნის წინ, ყველაფერი ერთმანეთთან ახლოს იყო.
ყველაფერი, რასაც დღეს სამყაროში ვხედავთ — ვარსკვლავები, პლანეტები, კომეტები, ასტეროიდები — სამყაროს გაჩენისას არ არსებობდა. მაშ საიდან გაჩნდნენ?
როდესაც სამყარო დაიბადა, ის მხოლოდ ცხელი, ციცქნა ნაწილაკების, სინათლისა და ენერგიის ნაზავი იყო. არ არსებობდა რაიმე ისეთი, რასაც დღეს ვხედავთ. როცა ეს ყველაფერი გაფართოვდა და უფრო მეტი სივრცე გაჩნდა, სამყაროც გაცივდა.
ციცქნა ნაწილაკები შეჯგუფდა და წარმოქმნეს ატომები. შემდეგ ეს ატომები შეჯგუფდა. დიდი ხნის განმავლობაში, თანდათანობით, ატომების შეჯგუფებით წარმოიქმნა ვარსკვლავები და გალაქტიკები.
პირველმა ვარსკვლავებმა უფრო დიდი ატომები და ატომთა ჯგუფები წარმოქმნეს. ამან კი გამოიწვია უფრო მეტი ვარსკვლავის დაბადება. ამავე დროს, გალაქტიკები ერთმანეთს ეჯახებოდნენ და ჯგუფდებოდნენ. იბადებოდნენ ახალი ვარსკვლავები, ძველები კი თანდათან კვდებოდნენ, რასაც მოჰყვა ისეთი ობიექტების წარმოქმნა, როგორებიც არის ასტეროიდები, კომეტები, პლანეტები და შავი ხვრელები.
რა დრო დასჭირდა ამ ყველაფერს? ძალიან დიდი! როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, სამყარო 13,8 მილიარდი წლისაა. წარმოუდგენლად დიდი დროა, არა?
კოსმოსი