ჩვენი მშობლიური დედამიწა მზის სისტემის ერთ-ერთი კლდოვანი პლანეტაა. ის მზის გარშემო მოძრაობს, საშუალოდ 150 მილიონი კილომეტრის მანძილიდან. მიმდებარე კოსმოსიდან დედამიწა კაშკაშა ცისფრად მოჩანს.
დედამიწა ამჟამად ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში და სამყაროში, სადაც სიცოცხლე არსებობს. ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე იმიტომ არის შესაძლებელი, რომ მის ზედაპირზე არსებობს წყალი, ჰაერში კი ჟანგბადი. გარდა ამისა, დედამიწას აქვს სიცოცხლისათვის ბრწყინვალე ტემპერატურული დიაპაზონი. ის არც ზედმეტად ცხელია ვენერას მსგავსად და არც ნეპტუნივით ცივი. დედამიწის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 15 გრადუსი ცელსიუსია.
დედამიწა მზის სისტემის მეხუთე უდიდესი პლანეტაა. შედგება სამი ფენისგან: ბირთვის, მანტიისა და ქერქისგან. ბირთვი პლანეტის ცენტრია. მისი დიამეტრი დაახლოებით 6900 კილომეტრია. ეს ბირთვი ძალიან ცხელია. ბირთვს გარს აკრავს მანტია, რომლის სისქეც დაახლოებით 2900 კილომეტრია. ქერქი დედამიწის თხელი, კლდოვანი გარე ფენაა. ყველაზე სქელ ადგილას მისი სისქე 31 კილომეტრია. მცენარეები, ცხოველები, ადამიანები, სწორედ ქერქზე ცოცხლობენ.
დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 30 პროცენტს ხმელეთი ფარავს, რომელიც შვიდ უზარმაზარ მონაკვეთად, ანუ კონტინენტებად იყოფა.
ზედაპირის დაახლოებით 70 პროცენტი წყლით არის დაფარული. ჩვენს პლანეტაზე წყალი გვხვდება ოკეანეების, მდინარეების, ტბებისა და მიწისქვეშა წყლის სახით. წყლის გარკვეული ნაწილი გაყინულია, მაგალითად, არქტიკისა და ანტარქტიკის რეგიონებში.
დედამიწას გარს აკრავს აირის ფენები, რომელსაც ატმოსფეროს უწოდებენ. სწორედ ამ ჰაერით სუნთქავს ყველა ცოცხალი არსება. დედამიწის ატმოსფერო მისი ზედაპირიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის სიმაღლემდე ვრცელდება. მაღლა და მაღლა ატმოსფერო სულ უფრო თხელია. ძირითადად შედგება წყლის ორთქლის, აზოტისა და ჟანგბადისგან.
მზის გარშემო ერთი შემოვლისთვის დედამიწას 365,25 დღე სჭირდება, რასაც ერთ კალენდარულ წელიწადს ვუწოდებთ. მზის გარშემო ორბიტაზე დედამიწას გრავიტაციის ძალა ინარჩუნებს.
დედამიწა საკუთარი ღერძის გარშემოც ბრუნავს. ეს ღერძი არის წარმოსახვითი ხაზი, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსიდან სამხრეთ პოლუსამდე დედამიწის ცენტრში გაივლის. ერთ სრულ შემობრუნებას დედამიწა 24 საათს ანდომებს, რასაც ერთ დღეს ვუწოდებთ.
დედამიწის ღერძი მზესთან მიმართებაში პირდაპირ ვერტიკალურად არ არის განლაგებული. პლანეტა ოდნავ გადახრილია. მზის გარშემო მოძრაობისას, დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში, ჩრდილოეთ პოლუსი მზისკენ არის გადახრილი. ამ დროს, პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარი, ანუ ჩრდილოეთ ნახევარსფერო უფრო მეტ სინათლეს იღებს, ვიდრე სამხრეთი. წლის მეორე ნახევარში მზისკენ უკვე სამხრეთი ნახევარსფეროა გადახრილი და უფრო მეტ სინათლესაც იღებს.
მზის სინათლის ასე სხვადასხვა რაოდენობით მიღება განაპირობებს სეზონებს. მაგალითად, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველაზე თბილი სეზონი მაშინ არის, როცა ის მზისკენ არის გადახრილი; ამ დროს სამხრეთ ნახევარსფერო პირიქით, მზის საპირისპირო მიმართულებით არის დახრილი, ნაკლებ სინათლეს იღებს და იქ წლის ყველაზე ცივი სეზონია.
დედამიწას ერთი ბუნებრივი თანამგზავრი აქვს, რომელსაც მთვარეს ვუწოდებთ. მთვარე ჩვენი პლანეტისგან დაახლოებით 384 ათასი კილომეტრით არის დაშორებული.
მეცნიერთა დასკვნით, დედამიწა დაახლოებით 4,6 მილიარდი წლისაა. მისი ზედაპირი პლანეტის წარმოქმნის შემდეგ ძლიერ შეიცვალა. ზოგიერთი ცვლილება მილიონობით წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, როდესაც ქარი და წყალი მიწის ეროზიას ახდენდა. ეროზიამ წარმოქმნა ისეთი მახასიათებლებიც, როგორიც არის დიდი კანიონი აშშ-ში. ზოგიერთი ცვლილება გაცილებით სწრაფად მოხდა. მაგალითად, ვულკანის ამოფრქვევას ან მიწისძვრას, მიმდებარე გარემოს შეცვლა სულ რამდენიმე საათში შეუძლია.