აღმოსავლეთ შვეიცარიაში მდებარე საკურორტო ქალაქი მსოფლიო ლიდერების შეკრების ადგილია.
დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრემიერიც ესწრება. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული პოლიტიკური ლიდერები წამყვან საფინანსო ინსტიტუტებთან და ბიზნესმენებთან ერთად უკრაინის ომით და პანდემიით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის გზებს განიხილავენ. შეხვედრებს ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. ევროკავშირის წევრობის განაცხადის წარდგენა და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული მოლოდინი ის მთავარი თემაა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ევროპელ ლიდერებთან განიხილავს. ფორუმი კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება მთავრობის მეთაურისთვის, რომ ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში ევროპელი პოლიტიკოსები ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის პროგრესში დაარწმუნოს. ტარდება შეხვედრები წამყვან ბიზნეს-კომპანიებთანაც, რომლებსაც საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატს აცნობენ. დღის მთავარი შეხვედრები უმსხვილეს ამერიკულ ბლოკჩეინ კომპანიასთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთან იყო.
„მოამბე“ დავოსიდან, – სალომე ქოქიაშვილი აშუქებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს.