საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი დღეს იწყება. პანდემიის პირობებში ეს იქნება პირველი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოდან. დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ნატო-სა და ევროკავშირში. კერძოდ, მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, სადაც სიტყვით მიმართავს ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს.
დავით ზალკალიანი ასევე შეხვდება ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას. სხდომაზე განხილული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგი. ასევე მინისტრი ისაუბრებს პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და დღეს არსებულ ვითარებაზე.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირსა და ევროპარლამენტში, მათ შორის შეხვდება სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელს, ასევე შეხვედრა გაიმართება ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომხსენებელთან, სვენ მიქსერთან.