დავით თევზაძე - სამხრეთ კავკასიური გეოპოლიტიკური კვანძი: მშვიდობიანი განვითარების ილუზია
დავით თევზაძე - სამხრეთ კავკასიური გეოპოლიტიკური კვანძი: მშვიდობიანი განვითარების ილუზია

2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს დრამატულ დაპირისპირებას, სულ ცოტა, ერთი შედეგი ახლდა, რომლის მნიშვნელობა გასცდა რეგიონის ლოკალურ ფარგლებს, და ეს ელვისებურად დაწყებული, და ასევე ელვისებურად დამთავრებული სამხედრო კამპანია მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენათა რიგში მოაქცია. თუმცა, თავიდან ეს ცოტამ თუ გააცნობიერა. საქმე იმაშია, რომ 2008 წლის „ხუთდღიანი ომის“ შედეგად, რეალურად შეიქმნა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც შეიძლება შემდეგნაირად დახასიათდეს: კავკასიის სამხრეთში, საერთაშორისოდ ცნობილი საზღვრები ხელშეუხებელი აღარ არის. მეტიც, გამოჩნდა ძალა, რომელმაც აგრესიულად განაცხადა ამ სივრცეზე საკუთარი პრეტენზია და ასევე აჩვენა, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების კრიზისი მისთვის დასრულებულია და ის ახალი მსოფლიო წესრიგის თანაბარძალოვანი მოთამაშე ხდება. ორივე  შედეგი საკუთარი იმპლიკაციებით იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ბუნებრივად იქცევს ყურადღებას და გულდასმით განხილვას საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისაგან, რომ ერთმა სტატიამ შესაძლოა ყველა ნიუანსი დაიტიოს, მაინც ვეცდებით რამოდენიმე საკითხი წამოვწიოთ, რომელიც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. პრინციპულად, ხანგრძლივ პერსპექტივაში, რამდენადაა შესაძლებელი სამხრეთ კავკასიის მდგრადი და მშვიდობიანი განვითარება? რამდენადაა გარეშე ფაქტორთა გავლენა განმსაზღვრელი დღევანდელი სტატუს-კვო-სათვის და საბოლოო ანგარიშით, „ცუდია“, თუ „კარგი“ აღნიშნული სტატუს-კვო?  ეს არის ძირითადი კითხვები, რომლებზეც პასუხის გასაცემად შესაძლო მიდგომის მონიშვნას ვაპირებთ. ამ მიზნით, ჯერ აღვწერთ (ძირითად ხაზებში) გარემოს, რასაც კავკასიის სამხრეთი ქვია, ხოლო შემდეგ ვეცდებით ინტერესთა ის კვანძი მოვნიშნოთ, რომელიც დღევანდელ  მოვლენათა პროფილს განსაზღვრავს.

  • სამხრეთ კავკასია: პრობლემა

როდესაც სამხრეთ კავკასია, სხვადასხვა რაკურსით, მსჯელობის საგანი ხდება, ხშირად, ხაზს მის მდებარეობას უსვამენ და აქედან გამომდინარე, მის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე საუბრობენ. მეტწილად, ეს საუბრები კასპიის რესურსების ტრანზიტის კონტროლის შესაძლებლობებს ეხება და ამაში გარკვეული ლოგიკაცაა: ტრანზიტის კონტროლი გავლენის მოპოვების, ანდა შენარჩუნების მძლავრი ინსტრუმენტი იყო ყოველთვის და ამ აზრით, ახლაც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას. მეტიც, ასეთ მექანიზმად ის მომავალშიც დარჩება. შესაბამისად, მომავალში შესაძლო დაპირისპირებათა ერთ-ერთ ძირითად კვანძად ტრანზიტის კონტროლის თემა ყოველთვის შეინარჩუნებს აქტუალობას. თუმცა, ეს რომ მხოლოდ ასე იყოს, მაშინ სამხრეთ კავკასიური პრობლემების კვანძი შედარებით ადვილად გახსნადი იქნებოდა: ნებისმიერი კონტროლი გავლენის ხაზების დაბალანსებაა მხოლოდ, ხოლო ეს უკანასკნელი – ზოგჯერ ძნელად მისაღწევი, თუმცა მაინც მიღწევადი კონსენსუსის საგანია. მითუმეტეს, თუ კონტროლის შემძლე და განხორციელების პრეტენზიისა და ამბიციის მქონე ქვეყნების რიცხვი არც თუ დიდია ზოგადად, ხოლო სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში, მათი ჩამოთვლისთვის ერთი ხელის თითები საკმარისია. სწორედ ამის გამო, სამხრეთ კავკასიურ პრობლემათა ამდაგვარი რაკურსით განხილვა ნაკლებ მომხიბვლელი ჩანს: „დიდი“ მოთამაშეები ყოველთვის პოულობენ საერთო ენას და მათი გეოპოლიტიკური ვნებანი ყოველთვის ცხრება, როგორც კი აღმოჩნდება, რომ დაპირისპირების ესკალაცია ზღვარსაა მიბჯენილი. ამის გამო, თითქო ისედაც ნათელია ყველაფერი და სამხრეთ კავკასიურ პრობლემად მისი „ჰანტიგტონისეულ ტეხილზე“ განლაგება იკვეთება. თუმცა, ყველაფერი თანმიმდევრობით.

  • სამხრეთკავკასიური გარემო: გეოგრაფიული ხედვა

კავკასიის სამხრეთი, მიუხედავად მისი ერთგვარი მთლიანობისა, რამოდენიმე პლასტს მოიცავს. მთლიანობას, ძირითადად, ჩრდილოეთიდან დიდი კავკასიონის, აღმოსავლეთ და დასავლეთიდან კასპიისა და შავი ზღვები, ხოლო სამხრეთიდან – მცირე კავკასიის ქედი განაპირობებს.

თუმცა, ეს, ერთი შეხედვით, მთლიანობა რამოდენიმე მოცემულობისგან შედგება, რომელიც განსხვავებულ გეოგრაფიულ სივრცეებს ქმნის და რომელიც ერთმანეთისაგან, ერთგვარად, იზოლირებულია. ქვემოთ, რუკაზე კარგად ჩანს აღნიშნული ვითარება: ზღვისპირეთის დაბლობები როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ნაწილში გაყოფილია ერთმანეთისაგან მთიანი რელიეფით, ხოლო მცირე კავკასია, რომელიც, რეალურად, მთიანი მასივების ერთგვარი სისტემაა და თავისი სამხრეთი კალთებით სომხეთის მთიანეთს ებჯინება, ცალკე გეოგრაფიულ სივრცეა.

ამგვარად, სამხრეთ კავკასია გეოგრაფიულად ოთხ რეგიონადაა გაყოფილი:  კოლხეთისა

 

ა  მტკვარ-არაქსის დაბლობები, რომლებიც შავ და კასპიის ზღვებზეა მიბ

ჯენილი; დიდი კავკასიონის სამხრეთი კალთები, რომელიც ჩრდილოეთიდან ზღუდავს ამ დაბლობებს, და  მცირე კავკასიის მთიანეთი.

რაც შეეხება გეოგრაფიულ ფაქტორებს, რომლებმაც, ზოგადად, შესაძლოა გავლენა იქონიონ რეგიონის პოლიტიკური რუკის ფორმირებაზე, შემდეგია:

1.  მთები
2.  ტყეები
3.  შიდაკონტინენტური ზღვები
4.  შიდა ტბები
5.  სავარგულები
6.  სანაპირო ზოლი
7.  უდაბნო
8.  მდინარეები
9.  სტეპები
10.  წიაღისეული

ყველა ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია რეგიონში მყოფი ქვეყნისათვის და მათ გეოგრაფიულ სისუსტეებსა და შედარებით ძლიერი მხარეების შესახებ მსჯელობის საშუალებას იძლევა.
მაგალითად, მთები, წარმოადგენენ რა ბუნებრივ ბარიერებს, შეიძლება როგორც პლიუსად მივიჩნიოთ (აგრესიის შემაკავებელი ფაქტორი), ასევე მინუსადაც: შიდა კომუნიკაციების შეზღუდულობა, რეგიონების იზოლირების ტენდენცია, სეპარატიზმის ხელშემწყობი ფიზიკური ფაქტორი.
სხვათაშორის, არც ერთ ზემოჩამოთვლილ ფაქტორს აბსოლუტური მნიშვნელობა მისი დადებითად თუ უარყოფითად განხილვის თვალსაზრისით არა აქვს. თითოეული მათთაგანი ისევე შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ეს მთების შემთხვევაში ვქენით. ამიტომ შეუძლებელია ვთქვათ, როგორც ეს ხშირად ხდება, ზოგადად, გეოგრაფიული გარემო ხელსაყრელია თუ არა, სანამ არ იქნება დაზუსტებული რის მიმართ ხდება ამ ხელსაყრელობის დადგენა. მაგალითად, თუ მთა ჩვეულებრივ ხელსაყრელია (დაცვის გაადვილების კუთხით), როდესაც ის პოლიტიკურ სუბიექტებს შორის საზღვარს წარმოადგენს, ტყის მასივით დაფარული მთა მთლიანად აქარწყლებს ამ უპირატესობას, ვინაიდან ტყის მასივების დაცვა ძალიან რთულია საზოგადოდ, განსაკუთრებით კი ისეთ ადგილებში, სადაც მოსახლეობა გამეჩხერებულია.
ამდენად, სამხრეთი კავკასია მკვეთრად გამოკვეთილ მთლიანობას შეადგენს, ხოლო მისი გეოგრაფიული უპირატესობანი, ერთგავარი ილუზიაა.
ახლა რეგიონს პოლიტიკური გეოგრაფიის კუთხით შევხედოთ: საქართველო, დღევანდელი საზღვრებით, გეოგრფიულად მთლიანად ამიერკავკასიაში თავსდება. აზერბაიჯანი ნაწილობრივ (სამხრეთში) გადის სამხრეთკავკასიური არეალის იქით, ხოლო სომხეთი, ასე ვთქვათ, ტრანს-ტრანსკავკასიური ქვეყანაა. თუმცა რეგიონის პოლიტიკურმა ისტორიამ ამ სამი ქვეყნის სტატუსი ერთნაირად, სამხრეთ კავკასიურ ქვეყნებად განსაზღვრა. ტერმინიც, სამხრეთი კავკასია, პირველ რიგში ამ სახელმწიფოთა მიმართ იხმარება. რა სახელმწიფოებია ესენი? რა ადგილი უჭირავთ მათ საელმწიფოთა თანამედროვე სისტემაში? რა ამბიცია გააჩნია თითოეულს და რა პერსპექტივა გააჩნია მათ უახლოეს ათ-თხუთმეტ წელიწადში?   ვცადოთ, გავერკვეთ აღნიშნულში.

  • სამხრეთკავკასიური გარემო: მყიფე სახელმწიფოების ინდექსი

მშვიდობის ფონდმა (FFP – The Fond For Peace), რომელიც 1957 წლიდან იმ რისკების გამოვლენას ცდილობს, რომელთაც დედამიწის სხვდასხვა კუთხეში კონფლიქტების პროვოცირება, ანდა დაძაბულობის კერათა შექმნა შეუძლია, გამოაქვეყნა მორიგი ინდექსი, ე.წ. მყიფე სახელმწიფოების ინდექსი, რომელიც 2018 წლის ანალიზის შედეგებს მოიცავს. კვლევის მეთოდოლოგია საკმაოდ რთულია და უამრავი დოკუმენტური მასალასა და დაკვირვებათა შედეგებს ეყრდნობა. საბაზო პარამეტრებად თორმეტი რისკ-ფაქტორია აღებული, რომელთაგან, თითოეული, თავის მხრივ, ათამდე ქვე-ფაქტორს აერთიანებს. ესენია:

  • დემოგრაფიული ზემოქმედება, იგულისხმება ბუნებრივი კატასტროფების, ეპიდემიების, გარემოს დაბინძურების, საკვებისა და სასმელი წყლის რესურსის, მოსახლეობის ზრდის, შობადობისა და სიკვდილიანობის გავლენა სახელმწიფოს უნარზე დაიცვას (უზრუნველყოს) მოქალაქეები.
  • ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ყოფნა, როგორც პოტენციური რისკი ქვეყნის შიდა უსაფრთხოებისთვის.
  • არათანაბარი ეკონომიური განვითარება, რაც სახელმწიფოს მიერ,  სხვადსხვა ეთნიკური, რელიგიური თუ რეგიონალური ჯგუფების მიმართ სოციალური კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებათა სხვადასხვანაირ შესრულებას გულისხმობს.
  • ჯგუფური დაპირისპირებები, გულისხმობს სახელმწიფოს უნარს დაარეგულიროს (აღკვეთოს) ძალადობა საზოგადოების სხვდასხვა ჯგუფებს შორის, რომელიც დისკრიმინაციით, ეთნიკური სიძულვილით, თუ რელიგიური შეუწყნარებლობით გამოწვეული.
  • მიგრაციის დონე, როდესაც ადამიანთა და ინტელექტუალური პოტენციალის გადინება ხდება.
  • სიღარიბე და ეკონომიური ვარდნა.
  • სახელმწიფო ლეგიტიმურობა, იგულისხმება კორუფციის დონე, წარმომადგენლობითი ინსტიტუტების სისუსტე, დემოკრატიულობის ხარისხი და ა.შ., რაც პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოს მიერ სოციალური კონტრაქტის შესრულების ხარისხთან.
  • სამოქალაქო სამსახურები, მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
  • ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.
  • უსაფრთხოების სისტემის გამართულობა და მის მიერ ძალის გამოყენებაზე მონოპოლიის  განხორციელების შესაძლებლობა.
  • დაპირისპირებული ელიტები
  • ინტერვენციის რისკი.

თიოთოეული ამ ფაქტორის შეფასება შესაძლებლობას იძლევა ჯამური ქულის დადგენისა ყოველი ქვეყნისათვის ცალ-ცალკე. ვინაიდან დასაჯამებელი პარამეტრი თორმეტია, ხოლო თითოეულის მაქსიმალური ქულა 10, დასაჯამებელი მაქსიმუმი 120-ს წარმოადგენს. რაც უფრო მაღალი ჯამური ქულა აქვს ქვეყანას, მით უფრო მეტი რისკის მატარებელია ის, და მით უფრო მეტ საფუძველს იძლევა, რომ მასზე, როგორც მყიფე (არშემდგარ) სახელმწიფოზე ვიფიქროთ.
ქულების მიხედვით 120-დან 0-დე ქვეყნები თერთმეტ ჯგუფად იყოფა:

I.    120 – 111         ძალიან მაღალი ვარაუდით საგანგაშო
II.    110 – 101      მაღალი ვარაუდით საგანგაშო
III.    100 – 91      საგანგაშო
IV.    90 – 81        ძალიან მაღალი ვარაუდით გამაფრთხილებელი
V.    80 – 71          მაღალი ვარაუდით გამაფრთხილებელი
VI.    70 – 61         გამაფრთხილებელი
VII.    60 – 51       ნაკლებად მდგრადი
VIII.    50 – 41     მდგრადი
IX.    40 – 31        ძალიან მდგრადი
X.    30 – 21          სიცოცხლისუნარიანი
XI.    20 – 0          ზედმიწევნით სიცოცხლისუნარიანი

საინტერესოა, რომ I ჯგუფში, 2018 წლის მონაცემებით, ხუთი სახელმწიფოა ხოლო XI-ში – ოთხი.
რატომ დაგვჭირდა ამის თაობაზე ასე დაწვრილებით საუბარი? პასუხი ადვილი ამოსაცნობია. სამხრეთ კავკასიის ქვეყნები მეტად საინტერესოდ გამოიყურებიან მყიფე სახელმწიფოების შკალაზე. მეტიც, ძალიან საინტერესოა საქართველოს მდგომარეობა მის მეზობლებთან მიმართებაში.
მყიფე სახელმწიფოთა სამხრეთ კავკასიური ინდექსი.
FFP-ს 2018 წლის ინდექსის მიხედვით, სამხრეთ კავკასიაში  შემდეგი ვითარებაა: აზერბაიჯანი ჯამური ქულით 74,6 –  78-ე ადგილზეა; საქართველო – 74.0 ქულით – 83-ე, ხოლო სომხეთის ჯამური ქულით 69,5 102-ე ადგილს იკავებს.

ეს ნიშნავს შემდეგს:  სამხრეთ კავკასიის ქვეყნები V – VII ჯგუფის ქვეყნებს შორისაა. მათ უახლოეს „სამეზობლოს“ ჯგუფებში წარმოადგენს:

საქართველოსთვის მაროკო (74.0) და სამხრეთ აფრიკა (72.9.4);
აზერბაიჯანისთვის ტაილანდი (75.0) და ფიჯი (74.5);
სომხეთისათვის მოლდოვა (69.5) და დომინიკელთა რესპუბლიკა (69.2).

ვინაიდან აღნიშნული ინდექსით მაინც სახელმწიფოს უნარი იზომება, თუ როგორ შეუძლია მას საკუთარ სოციალურ ვალდებულებათა შესრულება, სურათი არც თუ დამამშვიდებელია. სამივე სახელმწიფოსათვის შიდა პროცესების არასასურველი მიმართულებებით მოვლენათა განვითარების რისკი საკმაოდ მაღალია, რაც არანაირად არ უწყობს ხელს რეგიონში მშვიდობიანი განვითარების ტენდენციას: ცნობილია, რომ, ზოგადად, ქვეყნების პოლიტიკური ელიტები, ხშირად, საკუთარი პრობლემების „გადავადებას“ სხვაზე მიმართული აგრესიით ცდილობენ და ზოგჯერ ახერხებენ კიდევაც.

სამხრეთ კავკასიური „გარემოცვა“ და მისი ინდექსი

თუ ამიერკავკასიის ზემოთ მოტანილ რუკას დავაკვირდებით, არც თუ სასიამოვნო გარემოცვას აღმოვაჩენთ: ჩრდილოეთიდან – რუსეთი, რომლის გეოგრაფიული სივრცე, ასე ვთქვათ, აწვება რეგიონს და მას არც აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით აძლევს „გასაქანს“. სამხრეთიდან იმავე როლს თურქეთი და ირანი ასრულებს. ვნახოთ, რამდენადაა „არასასიამოვნო“ ეს გარემოცვა: რუსეთი 69-ე ადგილზეა 77.2 ქულით, თურქეთი – 58-ე (82.2 ქულა) და ირანი 52-ე (84.3 ქულა). სურათი, მართლაც, არასასიამოვნოა: ირანი, თურქეთთან ერთად, მე-4 ჯგუფშია, ხოლო რუსეთი – საქართველოსა და აზერბაიჯანთან ერთად – მე-5-ში. შესაბამისად, ის სივრცე, რომელიც ამ ქვეყნებით იფარება (ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანიდან ინდოეთის ოკეანემდე და ხმელთაშუა ზღვამდე, ერთის მხრივ, ხოლო ევროპის აღმოსავლეთიდან წყნარ ოკეანემდე, მეორეს მხრივ) ძალიან მაღალი და მაღალი ვარაუდით გამაფრთხილებელ სივრცეს წარმოადგენს. ამან კი სტაბილურობის რისკი შესაძლოა გლობალურად შექმნას. აქედან კი გამოდის, რომ რეგიონალური სტაბილურობაც არის ილუზია.

სამხრეთკავკასიური გარემო: მემკვიდრეობა

2011 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა ჟან რადვანისა და ნიკოლოზ ბერუჩაშვილის წიგნი „კავკასიის გეოპოლიტიკური ატლასი“ მეტად საგულისხმო ქვესათაურით – რუსეთი, საქართველო, სომხეთი აზერბაიჯანი: შესაძლებელია საერთო მომავალი? წიგნის მე-9 გვერდზე მოტანილია 1918-1921 წლების „ეროვნული მისწრაფებების“ ამსახველი რუკები წარდგენილი საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის დელეგაციების მიერ პარიზში 1920 წლის აგვისტოს სამშვიდობო კონფერენციაზე. როგორ ხედავდნენ ეს რესპუბლიკები თავის თავს და რას ითხოვდნენ ისინი საერთაშორისო საზოგადოებისაგან? შევადაროთ რუკები ერთმანეთს:

სომხეთის გეოპოლიტიკური ამბიცია 1920 წელს

სომხეთი: თურქეთისგან ითხოვს მთელ ჩრდილო აღმოსავლეთს, სამხრეთით ვანის ჩათვლით; საქართველოსგან _ ჯავახეთსა და ლორე-ტაშირს, ხოლო აზერბაიჯანისაგან – მთიან ყარაბაღსა და ნახიჭევანს.

აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური ამბიცია 1920 წელს

აზერბაიჯანი: თურქეთისგან ითხოვს მთელ ჩრდილო აღმოსავლეთს; საქართველოსგან _ ბათუმს, ლორე-ტაშირს, ბორჩალოსა და საინგილოს, ხოლო სომხეთისაგან – მთიან ყარაბაღსა და ნახიჭევანს და რუსეთისაგან –დაღესტანს

                                                                              

საქართველოს გეოპოლიტიკური ამბიცია 1920 წელს

საქართველო, რომელიც ამ პერიოდში, თითქმის საკუთარ ისტორიულ საზღვრებში არსებობს, თურქეთისაგან ითხოვს ართვინსა და შავშეთს, რუსეთთან სადაო რჩება აფხაზეთი და ოსეთად წოდებული ისტორიული სამაჩაბლოს ტერიტორია შიდა ქართლში, აზერბაიჯანთან საინგილო და სომხეთთან და აზერბაიჯანთან – ლორე-ტაშირი.

ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში, სომხეთ-საქართველო-აზერბაიჯანს შორის, და პირველ რიგში მათ შორის, ომი გარდაუვალი აუცილებლობა ხდება და პირველი მსოფლიო ომის ნანგრევებიდან ახლად გამოსული ევროპისათვის ამდაგვარი პერსპექტივა ვერანაირ თანაგრძნობას ვერ იპოვიდა. ამიტომ შემთხვევითი არაა ისიც, რომ ევროპა, ერთგვარი გულგრილობით შეხვდა რუსეთისა და თურქეთის მიერ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა ანექსიის ფაქტს. მეტიც, ამდაგვარი ანექსია რეგიონის მასტაბილიზებელ ფაქტორად იქნა მიჩნეული. გავიხსენოთ ფრაზა, რომელსაც მავანნი ჩერჩილს მიაწერენ: უმჯობესია საქმე გქონდეს ერთთან და დიდთან, ვიდრე ბევრთან და მცირესთან.

სამხრეთკავკასიური გარემო: „ახალი“ გეოპოლიტიკური პროექტები

ვ.ტროფიმოვის საავტორო პროექტი “გეოპოლიტიკა”, რომელიც განთავსებულია საიტზე რამოდენიმე საინტერესო მონაცემს შეიცავს სამხრეთკავკასიური გეოპოლიტიკური მისწრაფებების შესახებ:

დიდი სომხეთი: ვ.ტროფიმოვის ცნობით, პროექტი სსრკ დაშლის შემდეგ ჩნდება და მიმართულია „ისტორიული სომხური მიწების“ სომხეთთან მიერთებისკენ. ძირითადი პრეტენზიები მიმართულია თურქეთზე, აზერბაიჯანზე, სირიასა და ერაყზე (თანამედროვე ქურთისტანის ტერიტორია). 

როგორც რუკიდან იკვეთება, ტერიტორია, რომელიც სომხეთს „თავისად“ მიაჩნია, გაცილებით დიდია, ვიდრე 1920 მოთხოვნილი. „ახალი“ საზღვრები სამი ზღვის სანაპირო ზოლს მოიცავს და ყველა საკუთარი მეზობელს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს „ყლაპავს“. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის რეალიზაციისათვის დღეს არანაირი პირობა არ არსებობს, ტროფიმოვის აზრით, მისი „ნაწილობრივი“ რეალიზაცია, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, განხორციელების სტადიაშია: გავიხსენოთ მთიანი ყარაბაღი, სამცხე-ჯავახეთი და სომხური დიასპორის როლი აფხაზეთის კონფლიქტში.

დიდი აზერბაიჯანი:  აზერბაიჯანის პარლამენტის განცხადებით (2001 წლის ივნისი), ისტორიული აზერბაიჯანული მიწებია:
1.   საქართველოს ტერიტორიის ნაწილი,
2.   რუსეთის დაღესტნის სამხრეთი რაიონები,
3.   სომხეთი მთლიანად,
4.   ირანის ჩრდილო-დასავლეთი (იხ. იქვე)
ამგვარი იდეოლოგიის საფუძვლად, სხვადასხვა პერიოდის (ძირითადად, X-XIX საუკუნე), არაბულ, ევროპულ და რუსულ წყაროებში, აზერბაიჯანისა და მისი საზღვრების აღწერაა მოხსენიებული. მაგალითისთვის იხ. რივზან ჰუსეინოვის საინფორმაციო-ანალიტიკური კრებული საიტზე.
ამ მხრივ, საინტერესოა ამავე საიტზე მოტანილი, XVIII საუკუნის გერმანელი მკვლევარის, გეორგ მატეუს ზოიტერის, 1730 წელს შედგენილი რუკა, რომლის მიხედვით აზერბაიჯანი მოიცავს ყარაბაღს, ზანგეზურს, გეჩკუს, ერევანსა და ზოგიერთ სხვა რაიონს (საიტის ავტორებს ტერიტორია წითელი რკალად აქვს გამოყოფილი)

ან  ბრონისლავ ბრონევსკის (XIX ს.) აღწერის საფუძველზე, ამირ ეივაზის შედგენილი სამხრეთ კავკასიისა და შიგ აზერბაიჯანული სივრცული მოცემულობის კონტურული  რუკა:

მიუხედავად იმისა,  რომ „დიდი აზერბაიჯანის“ პროექტის განხორციელების რეალურობა, უახლოეს მომავალში მაინც, ნაკლებად სავარაუდოა, დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით (თურქეთის ფაქტორი),  ეს არც თუ ისე აუხდენელ მოვლენად იკვეთება. მით უმეტეს, 1920 წლის ამბიციისაგან განსხვავებით, შავ ზღვაზე გასასვლელს „დიდი აზერბაიჯანი“ უკვე აღარ ითხოვს და შესაბამისად, თურქეთთან (ან მის მოკავშირეებთან) კოლიზია მას არ მოუწევს.

სამხრეთ-კავკასიის „საჭადრაკო დაფა“

 რეგიონული მოთამაშეები: 2011 წლის ოქტომბერში გამოვიდა ჟენევის უსაფრთხოების ცენტრის მორიგი ცნობის ფურცელი, ე.წ. GCSP Policy Paper, #22 ძირითად თეზისად მასში გამოტანილია მოსაზრება, რომ ცივი ომის დასრულებისა და სამხრეთკავკასიური რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების ოცი წლისთავზე, შეიძლება ითქვას, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყარაბახის, ხოლო რუსეთ-საქართველოს შორის ტერიტორიებისა და პოლიტიკურ ხედვათა განსხვავებების გამო არსებული რეალობის ძირითად მახასიათებელს მართული არასტაბილურობა წარმოადგენს.  ბუნებრივია, დაისმის კითხვა, ვინ არიან ის მოთამაშეები, რომლებიც მართავენ ამ არასტაბილურობას?
პირველ რიგში, რუსეთი, რომელმაც, როგორცა ჩანს, დაძლია სსრკ-ს დაშლით გამოწვეული ფსიქოლოგიური არასრულფასოვნების განცდა, და კოსოვოში განხორციელებული მარცხიანი მცდელობის შემდეგ, ამ რეგიონში მოახერხა „საკუთარი ინტერესის“ დაცვა. ამით მან, გარკვეული პერიოდით მაინც, შეძლო საკუთარი დეზინტეგრაციის პროცესის შეჩერება. მეტიც, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ, ამავდროულად რუსეთმა, ევროპა (რომელიც 2008 წლამდე მართლაც იყო რეგიონში აქტიური მოთამაშე) ასე ვთქვათ, გვერდითა სკამზე „გადასვა“: ძნელი სავარაუდოა ევროპამ იმავე სიხისტითა და პირდაპირობით იმოქმედოს ამ სივრცეში, როგორც ეს რუსეთმა ქნა 2008-ში: უბრალოდ, რუსეთთან ღია დაპირისპირებისათვის ევროპა მზად არ არის. დიდი ალბათობით, არც უახლოეს რამოდენიმე დეკადაში იკვეთება ამდაგვარი პერსპექტივა. მეორეს მხრივ, ევროპა ვერც პასიურ როლში დარჩება დიდხანს და ვერც იმ პერსპექტივით მოიხიბლება, რომ კასპიის ენერგორესურსების ნაკადების კონტროლი რუსეთმა მიითვისოს. ამგვარად, მის უახლოეს სტრატეგიაში აუცილებლად უნდა გაჩნდეს მოთხოვნა, რომ რუსეთმა რეალურად ვერ მოახერხოს ერთადერთი არბიტრის როლის მორგება კავკასიაში. შედეგად, მან ვერ უნდა შეძლოს რეალურად იმ კვანძის გახსნა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში შეიკრა: რა გავლენაც არ უნდა მოიპოვოს რუსეთმა, მისი, როგორც ერთი მოთამაშის ავტორიტეტი საკმარისი არ უნდა იყოს, რომ კავკასიელები მშვიდობაზე „დაითანხმოს“, ანუ შექმნას, შესაძლოა, „ცუდი“, მაგრამ მაინც მყარი მშვიდობის პირობა. შედეგად, ხანგრძლივ პერსპექტივაში, ევროპას სტრატეგიულად უნდა აწყობდეს სტატუს-კვო, ანუ, აწყობდეს ვითარება, რომელშიც სამხრეთ კავკასია დღესაა.
სასხვათაშორისო, აღნიშნული სტატუს-კვო უნდა აწყობდეს  რეგიონის კიდევ ერთ მოთამაშეს, თურქეთს. მიზეზი აქაც იგივეა: თურქეთს, მისი ამბიციების მიუხედავად, დღეს არ შესწევს ძალა, რომ სიტუაცია მკვეთრად აზერბაიჯანის სასარგებლოდ, ანდა მისი სხვა ინტერესების მიმართულებით შეცვალოს. თურქეთის ევროპელი მოკავშირეები ნატო-დან, ამ შემთხვევაში, უფრო დამამუხრუჭებელ გარემოს ქმნიან, ვიდრე წამახალისებელს. სხვა სიტყვებით, თურქეთმა რამენაირად რომ შეძლოს საკუთარ ინტერესებზე კონცენტრირება, მან საერთო ენა ისევ რუსეთთან უნდა ეძიოს, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა. თუმცა დარწმუნებით იმის თქმა, რომ რუსეთი ამჯერადაც გაიმეტებს სამხრეთ კავკასიის რაიმე ნაჭერს თურქეთისათვის, როგორც 1918-20 წლებში, შეუძლებელია. ამის გამო, თურქეთი, „უკეთესი“ დროის მოლოდინში, ნაკლებად აქტიური იქნება და ერთგვარი დამბალანსებლის როლს დასჯერდება, რომ არც ავტორიტეტი შეილახოს და არც მოვლენათა მისთვის არასასურველ განვითარებას შეუწყოს ხელი. „დამაბალანსებელი“ ნაბიჯები კი თურქეთს გადგმული აქვს: ხელშეკრულება აზერბაიჯანთან და ფრთხილი კონტაქტები სომხეთთან. შედეგი ისევ ის გვაქვს: მართვადი არასტაბილურობა თურქეთისთვისაც ისევე მისაღებია, როგორც რუსეთისა და ევროპისთვის. სხვა სიტყვებით, რეგიონული მოთამაშეებისთვის სამხრეთ კავკასიაში არსებული არასტაბილურობა სასურველ ვითარებას შეადგენს, ვინაიდან ხანგრძლივ პერსპექტივაში, ეს ვითარება მათ საკუთარი ინტერესების მიმართულებით განვითარების პოტენციალს უნარჩუნებს.
გლობალური მოთამაშე რეგიონში ერთია. ესაა ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა, ამ ეტაპზე კავკასიური კვანძის მისეული ხედვა, როგორცა ჩანს, დიდად განსხვავებული არ უნდა იყოს რეგიონში სხვა მოთამაშე ძალებისაგან. 2008 წლის ომად წოდებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ აშშ არაა მზად რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონული პრობლემები საკუთარ ინტერესთა იერარქიაში იმ ნიშნულამდე ასწიოს, რის გამოც ის უეჭველად იომებდა. მეორეს მხრივ, აშშ-ს ფინანსური და დიპლომატიური რესურსი საკმარისია იმისათვის, რომ ხელი მოვლენათა მაჯისცემაზე მუდმივად ედოს, რომ მანაც ვითარების საკუთარი ინტერესების მიმართულებით განვითარების პოტენციალი შეინარჩუნოს. ყოველ შემთხვევაში, იმ დრომდე, ვიდრე მისი ინტერესების აღიარება რეგიონულ მოთამაშეთა მიერ არ მოხდება, ანდა ასეთი აღიარების იმპულსი გამოკვეთილად საკუთრივ რეგიონიდან არ წამოვა. თუმცა, ამასაც დრო სჭირდება, რის გასაყვანადაც სტატუს-კვოს შენარჩუნება იდეალურია.
რა გამოდის? დღეს არცერთი მოთამაშე მორალურად მზად არ არის რეგიონში კონფლიქტების დასარეგულირებლად, ვინაიდან ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს მათი ინტერესების საწინააღმდეგოა.
ფიგურები: სამწუხაროდ, იმ დაფაზე, რომელსაც ჩვენ სამხრეთ კავკასიის საჭადრაკო დაფა ვუწოდეთ, თავად სამხრეთკავკასიური ქვეყნები, უკეთეს შემთხვევაში, ფიგურებია  მხოლოდ. იმდენად დიდია მათი დამოკიდებულება მოთამაშეებისგან. მაგრამ ფიგურებს შორისაცაა სხვაობა. შედარებით ძლიერად, და ამის გამო, სტაბილურადაც, სომხეთი გამოიყურება. თუმცა, ეს მთლიანადაა განპირობებული იმ მოთამაშის ფაქტორით, რომელიც მას დაფაზე ამოძრავებს: რომ არა რუსეთის აგრესიულად თამაშის მანერა, სომხეთს ძალიან გაუჭირდებოდა თუნდაც ფიგურის სტატუსის შენარჩუნება, ანდა დაფაზე ყოფნა საერთოდ. საამისოდ მას არც დემოგრაფიული, არც ბუნებრივი და არც ფინანსური რესურსი არ გააჩნია. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის ფიგურაა თავის თავად და საამისოდ მას გააჩნია ის რაც აკლია სომხეთს: დემოგრაფიული, ბუნებრივი და ფინანსური რესურსი. ამიტომაც, აზერბაიჯანი ის ფიგურაა, რომლისთვისაც უფრო იბრძვიან, ვიდრე მისით თამაშობენ. და ამ ბრძოლაში ყველა მოთამაშეს თანაბარი შანსი აქვს. სამეულში ყველაზე უსახურად საქართველო გამოიყურება: მას გააჩნია ბუნებრივი რესურსი, თუმცა დემოგრაფიულად აგებს აზერბაიჯანთან, ხოლო ფინანსურად – სომხეთთან და აზერბაიჯანთან. მოთამაშეები მისთვისაც „იბრძვიან“: აქ ყველაზე მკვეთრად ხდება მათი ინტერესების გადაკვეთა, უმთავრესად, შავი ზღვის სანაპირო ზოლის შესაძლებლობათა გამო. საქართველოს „გახსნის“ გარეშე სომხეთიც და აზერბაიჯანიც გარე სამყაროსათვის, ერთგვარად, „ჩაკეტილია“. სომხეთისათვის ეს ჩაკეტილობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ხოლო აზერბაიჯანის „ჩაკეტვა“ სასიცოცხლო ხდება მისი ენერგომატარებლების მომხმარებელთათვის.
ამ ფონზე საინტერესოდ ჟღერს შეკითხვა: რა პოტენციალი არსებობს იმისათვის რომ ამ ქვეყნებმა საკუთარი პრობლემები თავად მოაგვარონ? სხვა სიტყვებით, ფიგურებიდან მოთამაშეებად იქცნენ?
ყარაბაღი: არც სომხეთი და არც აზერბაიჯანი პრობლემისთვის მზად არ არის. ომი, ორივე მხარისთვის პრობლემის გადაწყვეტის დასაშვები ფორმაა და რეალურად, ომისთვის ისინი მზადაც არიან. ყოველ შემთხვევაში, იდეოლოგიურად.ეს თუნდაც მათი სამხედრო პოლიტიკური ხედვებიდან და გაცხადებული მიზნებიდანაც იკვეთება. თუმცა ომს ორივე მხარე არიდებს თავს და ეს ორი მიზეზითაა განპირობებული:
ა)სამხედრო ძალების დისბალანსის მიუხედავად, აზერბაიჯანს ჯერ არა ყავს, ხოლო სომხეთს, სავარაუდოდ, არც არასოდეს ეყოლება სამხედრო ძალები, რომლებიც უპირობო წარმატებას უზრუნველყოფს.
ბ)„მოთამაშეების“ გავლენა: ცუდი მშვიდობა უმჯობესია ვიდრე კარგი ომი, ამიტომ „მოთამაშეები“ ყველა ძალისხმევას დებენ, რომ ეს „ცუდი“ მშვიდობა შეინარჩუნონ.
აქედან გამომდინარე, დროთა განმავლობაში, „მარტო დარჩენილი (ან დატოვებული) ფიგურები“  აუცილებლად იომებენ და ეს მოხდება მაშინათვე, როგორც კი სამხედრო დისბალანსი კრიტიკულ ნიშნულს მიაღწევს.
საქართველოს სეპარატისტული რეგიონები: აქაც შეგვიძლია ანალოგიურ მსჯელობას მივმართოთ. იდეოლოგიურ ჭრილში, ის რაც ჩვენთვის ისტორიული უსამართლობა და ოკუპაციაა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოლქისთვის სწორედაც რომ ისტორიული სამართლიანობა და განთავისუფლება გახლავთ. იდეოლოგიები არა მარტო დაპირისპირებული, არამედ მტრულიცაა: არაფერი არ კვებავს ისე მტრობასა და სიძულვილს, როგორც შელახული სამართლიანობისა და თვისუფლების შეზღუდვის განცდა. 2008 წლის მოვლენებმა აქაც ტრაგიკული როლი შეასრულა: დავინახეთ, რომ „წესრიგის დასამყარებლად“ ჩვენ მზად ვართ რომ ომი დასაშვებ ფორმად მივიჩნიოთ, ხოლო მოწინააღმდეგეები მზად არიან ყველა საშუალებით თავი დაიცვან. მათ შორის, ისეთი საშუალებაც, რომელიც თავიანთად მიჩნეული ტერიტორიის სხვისი შეიარაღებული ძალებისათვის გადაცემას გულისხმობს. სხვა სიტყვებით, მზად უკიდურესი ზომებისთვის არიან. ამ ვითარებაში კონფლიქტის მონაწილე სუბიექტების ერთმანეთის პირისპირ „დატოვება“ სარისკო წამოწყებაა ყველასათვის, ვინაიდან, მოვლენათა განვითარებამ შესაძლოა ისეთი სახე მიიღოს, რომ ეს ყველას ინტერესის წინააღმდეგ აღმოჩნდეს მიმართული.
თავი რომ მოვუყაროთ ყველაფერს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამიერკავკასიის ქვეყნები, თუკი ერთმანეთთან (დაინტერესებული „მედიატორების“ გარეშე) პირისპირ დარჩებიან, ომის საფრთხე რეგიონში რეალიზებად რეალობად იქცევა.
კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ამ ვარაუდს ამყარებს, კავკასიის რეგიონის მთლიანად, და სამხრეთ კავკასიის რეგიონის კერძოდ, ეთნოლინგვისტური სიჭრელეა. ისტორიულად ცნობილია, რომ მეზობელი ეთნოსები, თუ კი მათ ისტორიული ბედის ერთიანი განცდა არა აქვთ, ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ეთნოსებია.

და დასასრულს,  ყოველივე ზემოთქმული   შემდეგი ორი დებულებით შეიძლება შეჯამდეს:

1.    რეგიონისთვის მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშეებისთვის, მათივე საკუთარი ინტერესების სრულად განხორციელების შეუძლებლობის გამო სამხრეთ კავკასიაში სტატუს-კვოს შენარჩუნება არის ერთადერთი საერთო ინტერესი. შესაბამისად, აღნიშნული სტატუს-კვო მშვიდობის (ამ შემთხვევაში, ეს იგივეა, რაც მართული არასტაბილურობა) შენარჩუნების ერთადერთი ფორმაა. „ცუდი“ ამ „ბალანსში“ მხოლოდ ის გახლავთ, რომ რუსეთის ინტერესი უფრო მყარად დაცულად გამოიყურება.
2.    ვინაიდან სამხრეთ- კავკასიური ქვეყნები ერთმანეთთან არსებული პრეტენზიების და ისტორიული წარსულის სხვადასხვაგვარად აღქმის გამო, მშვიდობისათვის ნაკლებად არიან განწყობილნი, „მშვიდობიანი კავკასია“ იძულებითი, გარედან, ძირითად გეოპოლიტიკურ მოთამაშეთა მიერ თავსმოხვეული რეალობაა და თუ ეს სამშვიდობო იძულება არანაირი შიდა იმპულსით არ არის გამყარებული, მეტ-ნაკლებად ხანგრძლივ პერსპექტივაში, სამხრეთ კავკასიაში და სამხრეთი კავკასიისათვის ომი გარდაუვალი ჩანს.

ავტორი – დავით თევზაძე

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.