დავით თევზაძე - სამხედრო ძალის გამოყენება და მისი შეზღუდვები
დავით თევზაძე - სამხედრო ძალის გამოყენება და მისი შეზღუდვები

სახელმწიფოს იმ კომპონენტთაგან, რომლებიც მისი უსაფრთხოების სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენს, არმია, და საერთოდ, სამხედრო ძალა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს სამხედრო კომპონენტი  არა მარტო საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია, არამედ შიდა სტაბილურობის გარანტი იმ აზრით, რომ სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობის სიმყარე, განვითარების პერსპექტივა და უსაფრთხოების განცდა (რაც საკმაოდ მძლავრი ფსიქოლოგიური ფაქტორია) მნიშვნელოვნად არის განპირობებული იმ სამხედრო ძალის ხარისხითა და ეფექტურობით, რომელიც სახელმწიფოს თავის განკარგულებაში გააჩნია. იმისათვის, რომ თავად შეიარაღებული ძალა არ იქცეს დესტაბილიზაციის ფაქტორად, სამოქალაქო საზოგადოებამ შეიმუშავა გარკვეული მექანიზმი (სამხედრო ძალების სამოქალაქო კონტროლი), რომელიც ხსნის შეიარაღებული ძალის არალეგიტიმური გამოყენების პრობლემას და ამით ანეიტრალებს იმ საფრთხეს, რისი ბუნებრივი მატარებელიცაა ორგანიზებული შეიარაღებულ ადამიანთა ნებისმიერი ჯგუფი. თუმცა, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სრული გარანტიები ამ მხრივ თავად სამოქალაქო საზოგადოების სიმწიფეზეა დამოკიდებული: მყარი დემოკრატიის მქონე საზოგადოებისთვის ერთგვარი ანაქრონიზმი იქნებოდა საუბარი იმაზე, რომ სამოქალაქო კონტროლის განხორციელება სამხედრო ამბოხის თავიდან არიდების მექანიზმია. უბრალოდ, მიჩნეულია, რომ საზოგადოება ეფექტურად აკონტროლებს თავის სამხედრო ძალებს, თუ კი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა არ არის უფლებამოსილი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს ამ ძალების გამოყენებაზე, ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილება თავისი არსით პოლიტიკურია და ის ქვეყნის პოლიტელიტის პრეროგატივაა.

ამგვარად, სამხედრო ძალების სამოქალაქო კონტროლი, და ეს გახლავთ ამ ცნების რეალური შინაარსი (რაც სამწუხაროდ, ნაკლებადაა გაცნობიერებული), არის სამხედრო ძალების არასანქცირებული (არალეგიტიმური) გამოყენების აღკვეთის მექანიზმი, რაზედაც პასუხისმგებელია ხელისუფლების უმაღლესი აღმსრულებელი და უმაღლესი კანონმდებელი ერთდროულად. შესაძლოა ვინმეს ეჩვენოს, რომ საკითხი სპეკულაციურია და მასზე მსჯელობა მხოლოდ ავტორის თეორიული ამბიციების გამჟღავნებას და მისი წინდახედულობის რეკლამირებას ისახავდეს მიზნად. სამწუხაროდ, სხვაგვარადაა და ამის თქმის საფუძველს გვაძლევს არა მარტო ის გამოცდილება, რომელიც უკანასკნელი ოცდარვა წლის განმავლობაში შევიძინეთ, არამედ 2004 წლის აპრილ-მაისიდან განვითარებული მოვლენების ანალიზიც, როდესაც სახელმწიფო, სულ ცოტა, ორჯერ დადგა თავისი სამხედრო კომპონენტის რეალური გამოყენების საფრთხის წინაშე. 2004-ში, საბედნიეროდ, პოლიტელიტამ (უფრო, როგორცა ჩანს, ინტუიციით) იგრძნო ამ ნაბიჯის დამანგრეველი შედეგები და უარი თქვა შემდგომ სამხედრო ესკალაციაზე, თუმცა 2008-ში, ამ მექანიზმმა უკვე არ იმუშავა და შედეგად, საზოგადოებამაც ვერ აიცილა თავიდან არამდგრადობის (არასტაბილურობის) ის ფსიქიკური განცდა, რომელიც მას დამანგრეველი შედეგების გამო დაეუფლა.

ქვეყანაში, რომელიც ორი ათწლეულის განმავლობაში გამოივლის ორ სრულმასშტაბიან სამოქალაქო ომს, ორ თუ სამ სამოქალაქო დაპირისპირებას შემდგომი შეიარაღებული დაპირისპირების განვითარების პერსპექტივით, სამი თუ ოთხი ამბოხის მცდელობას, ღია ინტერვენციას და ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას,  არამყარი საზოგადოებრივი ინსტიტუტებით, არამყარი სოციალური გარემოთი, მზარდი უმუშევრობითა და არსებული სიღატაკით, საკითხი შეიარაღებული ძალების გამოყენებისა და იმ შეზღუდვების შესახებ, რასაც ეს გამოყენება გულისხმობს, აქტუალური პოლიტიკური პრობლემაა და საზოგადოების მხრიდან მუდმივ ყურადღებას საჭიროებს. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ ისიც, რომ საკითხი არა მარტო ჩვენთვის და არა მარტო ჩვენ თავსდატეხილი უბედურების გამოა აქტუალური. ჩვენზე ბევრად წინწასული სახელმწიფოებისთვისაც აღნიშნული  ასევე პრობლემა გახლავთ და ამას თუნდაც აშშ გამოცდილება გვიჩვენებს: ლიბანი, სომალი, ვიეტნამი, ამჟამად ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე მოვლენები, სამხედრო ძალის არც თუ მთლად გამართლებული გამოყენების თვალსაჩინო მაგალითებია. ასე რომ, პრობლემა არსებობს და არა მარტო საქართველოსთვის და პრობლემა რეალურია და არა სპეკულაციური, ხოლო მისი შინაარსი შესაძლოა შემდეგი შეკითხვის სახით ჩამოყალიბდეს: რამდენად კომპეტენტურია ქვეყნის (ნებისმიერი ქვეყნის) პოლიტიკური ელიტა, როდესაც ის სამხედრო ძალის გამოყენებაზე მიდის (ნებისმიერი ფორმით)? სხვა სიტყვებით, ხომ არ არის საქმე ისე, რომ სამხედრო ძალის გამოყენება მეტად სათუთი საკითხი გახდა იმისათვის, რომ მისი გადაწყვეტა მხოლოდ პოლიტიკოსებს მივანდოთ?

ასეთ ვითარებაში აქტუალური ხდება ისეთი კრიტერიუმების მოძიება, რომელიც სამხედრო ძალის გამოყენების მიზანშეწონილობის განსაზღვრის ალგორითმი გახდებოდა და საკითხის გადაწყვეტას, მეტ-ნაკლებად, შესძენდა სისტემურობას, ანუ ობიექტურობის ისეთ ხარისხს, რომელიც, გარკვეულწილად, გაანეიტრალებდა იმ ვოლუნტარიზმს, რომელიც პოლიტიკური ალღოს იმედად მიღებული გადაწყვეტილების ბუნებრივი თანამგზავრია. საბედნიეროდ, ზოგადი ვითარება ამ მხრივ გაცილებით უკეთესია. საქმე იმაშია, რომ გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისში, აღნიშნული პრობლემა ინტენსიური განსჯის საგანი გახლდათ აშშ-ში (ვიეტნამში განცდილი მარცხის მიზეზების გააზრება). დისკუსია საბოლოოდ შეჯამდა მაშინდელი თავდაცვის მდივნის კასპარ უაინბერგერის საჯარო მოხსენებაში, რომელიც მან 1984 წლის ნოემბერში წარმოადგინა და რომელსაც მეტად მრავლისმეტყველი სათაური ჰქონდა – „სამხედრო ძალის გამოყენება“. აღნიშნული მოხსენება წარმოადგენდა თავდაცვის დეპარტამენტში მიმდინარე ხანგრძლივი მუშაობის შედეგს და მასში მკაფიოდ გამოიკვეთა ის მექანიზმი თუ როგორ უნდა მომხდარიყო სამხედრო ძალების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.  აღნიშნული დოკუმენტის ყველა ნიუანსის განხილვა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, ამიტომაც ამჯერად ყურადღებას ორ ძირითად კითხვაზე შევაჩერებთ:

  • როდის ვიყენებთ ძალას? და
  • როდის ვიკავებთ თავს ძალის გამოყენებისაგან უპირობოდ?

თუ კი პირველ კითხვაზე პასუხი ერთი ფრაზით გამოითქმის და კამათსაც არ იწვევს: – სამხედრო ძალას ვიყენებთ მხოლოდ იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები რეალური საფრთხის ქვეშაა, მეორე კითხვაზე პასუხი კომპლექსურია: უაინბერგერმა ჩამოაყალიბა მოთხოვნათა სისტემა – ექვსი პირობა, რომელთაგან ნებისმიერი ერთის შეუსრულებლობა წარმოადგენს სამხედრო ძალის გამოყენებაზე უარის თქმის პირობას.

ამგვარად, სამხედრო ძალის გამოყენებისაგან თავს ვიკავებთ თუ:

1. საკუთარი (ან მოკავშირეთა) სასიცოცხლო სახელმწიფო ინტერესები არ არის საფრთხის ქვეშ, ანდა ასეთი საფრთხე ბუნდოვანია;

2. არ არის შესაძლებელი ისეთი ძალის (და იმდაგვარად) ჩაბმა, რაც წარმატებას იმთავითვე უეჭველს ხდის;

3. ნათლად არ არის განსაზღვრული სამხედრო ძალის გამოყენების პოლიტიკური და სამხედრო მიზანი;

4. არ ხდება დასახული მიზნის და მისთვის თავდაპირველად გათვლილი ძალების თანაფარდობის (რაოდენობრივი და თვისობრივი ადეკვატურობის თვალსაზრისით) ხელახალი შეფასების უწყვეტი პროცესი, რაც, გამარტივებულად რომ წარმოვიდგინოთ, იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტის (დაპირისპირების) ყველა სტადიაზე ხელახლა ვსვამდეთ ერთსა და იმავე კითხვებს: შეესაბამება თუ არა კონფლიქტის გაგრძელება ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესს და მოითხოვს თუ არა (ამ ეტაპზე) აღნიშნული ინტერესი ძალის აუცილებელ გამოყენებას? უაინბერგერის მიხედვით, თუ პასუხი არის დიახ, მაშინ ვალდებული ვართ გავიმარჯვოთ; თუ პასუხი არის არა, მაშინ ძალის გამოყენება უნდა შევწყვიტოთ.

5. ძალის გამოყენებისათვის არ არსებობს საერთო ეროვნული მხარდაჭერა, რაც ლეგიტიმურად არჩეული სახალხო წარმომადგენლობითი ორგანოს (კონგრესი, სენატი) მიერ დასტურდება.

6. არ არის ამოწურული ყველა სხვა საშუალება

არც მანამდე, არც მერე სამხედრო ძალის გამოყენების მიზანშეწონილობის კრიტერიუმები ამდაგვარად ჩამოყალიბებული არ ყოფილა. შემთხვევითი არც ის გარემოებაა, რომ ისინი ნეგატიური ფორმითაა წარმოდგენილი: ეს არის იმ მინიმალურ მოთხოვნათა ერთობლიობა, რომელიც იმპერატიულად განსაზღვრავს ვითარებას თუ როდის ვიკავებთ თავს სამხედრო ძალის გამოყენებისაგან. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ უაინბერგერის კრიტერიუმები ორიენტირებულია არა რაიმე  ხდომილებების კონკრეტულ ჯაჭვზე, არამედ წარმოადგენს იმ ყალიბს, სქემას, რასთანაც  ნებისმიერმა პოლიტიკოსმა უნდა შეაჯეროს თავისი პოლიტიკური მიზნების რეალიზაციის შესაძლებლობა და არ დარჩეს ისეთი საჩოთირო გზამკვლევის ამარა, როგორიც პირადი ინტუიციაა.

ის რომ უანბერგერის კრიტერიუმები  განყენებულად არ დგას (მათ შორის, ჩვენი სინამდვილისთვისაც), შეგვიძლია ორ მაგალითზე ვაჩვენოთ:

მაგალითი პირველი: 2004 წლის დასაწყისში, ცხინვალის სამშვიდობო კონტინგენტის ქართული შემადგენლობა (მცირერიცხოვანი, ერთი გაძლიერებული ასეული) შეიცვალა შინაგანი ჯარის ხუთასკაციანი კონტინგენტით. რამდენად მიზანშეწონილი იყო აღნიშნული შეცვლა?

თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, რომ არაფერი ვთქვათ სხვა უკუშედეგებზე (რომელიც ცალკე, უფრო სპეციფიკური მსჯელობის საგანია), აღნიშნული გადაწყვეტილება უგულებელყოფს უაინბერგერის პირველ, მეორე, მესამე და მეექვსე კრიტერიუმებს მთლიანად, ხოლო მეოთხეს – ნაწილობრივ. გარდა ამისა, უგულებელყოფილია სამხედრო სტრატეგიის ერთ-ერთი საფუძველმდებელი პრინციპი –  ძალთა ეკონომია. ამდენად და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იყო მცდარი. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მისი მიღების პროცესში სამხედროები საერთოდ არ მონაწილეობდნენ (და რა თქმა უნდა, გაცილებით მძიმეა სურათი, თუ კი ასეთი მონაწილეობა მაინც იყო).

მაგალითი მეორე: 2008 წელი. თუ გავყვებით  მოვლენათა მსვლელობას, აღმოვაჩენთ, რომ უაინბერგერის დოქტრინით ხელმძღვანელობის შემთხვევაში , იმ მასშტაბის სამხედრო დაპირისპირებაში არ ჩავერთვებოდით, რაშიც ჩვენი შეიარაღებული ძალები აღმოჩნდა და შესაბამისად, იმ პერიოდში, თავიდან იქნებოდა აცილებული როგორც რუსული ოკუპაცია, ასევე სეპარატისტული რეგიონების რუსული აღიარებაც.

მართლაც, ზედაპირული განხილვაც საკმარისია, რომ დავრწმუდეთ, რომ 2008  წელს გადაწყვეტილების მიმღებმა (შესაძლოა, არაკომპეტენტური გარემოცვის გავლენითაც) უგულებელყო (შესაძლოა, არც რაიმე სმენოდა ასეთ კრიტერიუმთა არსებობის შესახებ) უაინბერგერის დოქტრინის პირველი, მეორე, მესამე, მეხუთე და მეექვსე კრიტერიუმები მთლიანად, ხოლო მეოთხე კრიტერიუმის უგულებელსაყოფად, უბრალოდ, დრო არ დარჩა: თუ იმ პერიოდის გენერალური შტაბის მართვის სტილს გავითვალისწინებთ, ამისთვის, ის, ასე ვთქვათ, “გამზადებული” იყო.

სხვა, უფრო ცნობილი ვითარებების ანალიზი უაინბერგერის კრიტერიუმების ჭრილში მკითხველისათვის მიგვინდვია.

რა შეიძლება ითქვას ერთგვარი შეჯამების სახით?

პირველი: დაკვირვებული მკითხველი აუცილებლად მიაქცევდა ყურადღებას იმ გარემოებას, რომ უაინბერგერის დოქტრინა მთლიანად ერთ ცნებაზეა ორიენტირებული: ეს არის სასიცოცხლო სახელმწიფოებრივი ინტერესი. უნდა ითქვას ისიც, რომ მისთვის იოლი იყო ამ ცნებით ოპერირება, ვინაიდან ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის აშშ სასიცოცხლო ინტერესები არის არა წარმოსახვითი რეალობა, არამედ პირობათა ზუსტი ჩამონათვალი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების კარკასის ინტეგრალური ნაწილია და მასზე განსაკუთრებული ადამიანები მუშაობენ: იქაურ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეს საშუალებას აძლევს ჰქონდეს მყარი ორიენტირი იმისა, თუ რატომ არსებობს ამერიკის სახელმწიფო და გადაწყვეტილებების მიღებისას ხელის ცეცებით არ იარონ. სამწუხაროდ, ასეთ ორიენტირს ჩვენ ობიექტურად მოკლებული ვართ. და მეორე –  ჩვენ მიერ განხილული მაგალითები ამჟღავნებს ერთ სამწუხარო რეალობას: სამხედრო-პროფესიული თვალსაზრისით, გნებავთ, კომპეტენტური სამხედრო აზრის თვალსაზრისით, ანდა, უფრო კარგად, სამხედრო-პოლიტიკური რეალობის შეფასების უნარის თვალსაზრისით, საქართველოში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებთა გარშემო ვაკუუმი არ ივსება. სხვათა შორის, ამ ვაკუუმის შევსება ქვეყნის პირველი სამხედრო პირის ძირითადი ფუნქციაა და მის ამ ფუნქციას ვერც უშიშროების საბჭო და ვერც საკუთრივ სამოქალაქო თავდაცვის მინისტრი ვერ ჩაენაცვლება. შემთხვევით არ წერს ჰანტინგტონი, რომ ოფიცრის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე არის ექსპერტი მრჩევლის პასუხისმგებლობა. ეს კი ნიშნავს, რომ მას უნდა შეეძლოს ღიად დაუპირისპირდეს არასწორი გადაწყვეტილების მიღებას, თუნდაც ეს სამხედრო კარიერის ფასად მოხდეს. მაგალითისთვის, ჩვენს მიერ ორივე განხილულ შემთხვევაში, პირველ სამხედრო პირს რომ სათანადო კომპეტენცია, ანდა პრინციპულობა ჰქონოდა, არც ერთი მოხდებოდა, არც მეორე.