დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროცესზე თითქმის 4 საათი გრძელდებოდა სასაზღვრო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, ვახტანგ დათუნაშვილის დაკითხვა. როგორც მოწმემ განაცხადა, 2006-2007 წლებში იყო დემარკაცია-დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის წევრი და კომისიაში უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობდა. კარტოგრაფიული კუთხით კი ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მუშაობდნენ, რომელთა კომპეტენციას ენდობოდა. მანვე განაცხადა, რომ ერთი-ერთი, 50-000 იანი მასშტაბის რუკა, რომელიც ბრალდებულებმა გამოიყენეს, მისი აზრით, სწორი იყო. დაცვის მხარის შეფასებით, მოწმემ დაადასტურა, რომ ბრალდებულებს კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენიათ. ბრალდების მხარის განმარტებით კი, 2006 წელს, 1996 წლის პროექტისგან განსხვავებული დოკუმენტი შედგა, რომლის მიხედვითაც, გარეჯის ერთი მონაკვეთი საქართველოს საზღვრებში აღარ ექცეოდა. ამ დოკუმენტს დღეს დაკითხული მოწმეც აწერს ხელს, თუმცა როგორც განმარტა, საზღვრების დატანება მელაშვილის და ილიჩოვას კომპეტენცია იყო და მათ მიერ შედგენილ პროექტს ენდობოდა.