კიდევ ერთი ბრალდებული გახმაურებული მკვლელობის საქმეში.
დავით სარალიძის განზრახ ჯგუფური მკვლელობის საქმეზე გიორგი მენაბდე დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ის ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაში მონაწილეობდა, რა დროსაც საკუთარი ბასრი იარაღი გამოიყენა და სარალიძეს დაზიანებები მიაყენა. ხორავას ქუჩაზე 2017 წლის პირველ დეკემბერს დატრიალებული ტრაგედიის დროს თავად მენაბდეც დაიჭრა. რეზონანსულ საქმეზე სასჯელს უკვე იხდიან გიორგი ჯანაშია და მიხეილ კალანდია. სწორედ კალანდიას ადვოკატი გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების დროს ამტკიცებდა, რომ სასიკვდილო ჭრილობა სარალიძეს არა მისი დაცვის ქვეშ მყოფის, არამედ მენაბდის მხრიდან ჰქონდა მიყენებული.