დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა გადაიდო. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დღევანდელ სხდომაზე აღარ განიხილება.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი გაწვეული იქნება, ხოლო რაც შეეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს, კაკულიას თქმით, პროვაიდერებსა და მარეგულირებელს შორის კონსენსუსი მაქსიმალურად უნდა იქნას მიღწეული. ამისთვის კი დღეს ბიზნესოპერატორებთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.
კერძო სექტორისა და ოპოზიციონერი დეპუტატების მთავარი შენიშვნა, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვასა და მარეგულირებლის უფლების გაზრდას, დროებით მმართველის დანიშვნის შესახებ ჩანაწერს ეხება. მმართველი გუნდის ოპონენტების შეფასებით, კანონპროექტი კერძო ბიზნესის უფლებებს ლახავს. დეპუტატებს „კრიტიკული შენიშვნები აქვთ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზეც. საუბარია პროექტზე, რომლის თანახმადაც, სემეკ-ს უფლება ეძლევა, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების გამანაწილებელ კომპანიებს 5%-ზე მეტი წილის გაყიდვა აუკრძალოს.