შეზღუდვების შემსუბუქების და ტურიზმის დაანონსებული აღდგენის ფონზე, ისევ პესიმისტურია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზი. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ახალი კორონავირუსი, შესაძლოა, ვაქცინის გამოჩენის შემდეგაც არ გაქრეს და შიდსის ვირუსის მსგავსად, მისი კონტროლი მუდმივად იყოს საჭირო. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, კოვიდ-19-მა 300 000-მდე ადამიანი იმსხვერპლა. დასავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილი, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას განაგრძობს. კარანტინის რეჟიმი ეტაპობრივად იხსნება აშშ-შიც. შეზღუდვების გაუქმების გადაწყვეტილება დროზე ადრე მიიღეს იაპონიაშიც. ზომების შერბილების პარალელურად, პანდემიისგან დაზარალებული ქვეყნები ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმებზეც მუშაობენ.