ეუთო-ში საქართველოზე მიღებული განცხადების მთავარი ადრესატი ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე დუმს.
საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ცნობილი ექიმის გათავისუფლების საკითხი მოსკოვში ვიზიტით მყოფმა ნინო ბურჯანაძემ რუს მაღალჩინოსნებთან და დეპუტატებთან განიხილა. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის პროგნოზი ოპტიმისტურია. როგორც ირკვევა, რუსეთის პირველი დიპლომატის მოადგილესთან და დუმაში გამართული შეხვედრების დღის წესრიგში, ავია-მიმოსვლის აღდგენის და სავიზო პროცედურების შესაძლო გამარტივების საკითხიც იყო. თავად ბურჯანაძე მოსკოვური ვოიაჟის დეტალებზე და ვიზიტის მიზნებზე საქართველოში დაბრუნების შემდეგ აპირებს საუბარს. თუმცა, მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერის რუსული ვოიაჟი ოპოზიციის გეგმებს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ რუსეთთან დაკავშირებული პოზიციის გამო ბურჯანაძის ახალი პოლიტიკური პარტნიორები პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს წლების განმავლობაში მწვავედ აკრიტიკებდნენ, ეს ვიზიტი მათ სამომავლო თანამშრომლობაზე მაინც არ აისახება.