რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათში რუსეთის არმიის შეკრების 15 რაიონზე მიიტანეს დარტყმები. განადგურებულია სამი საწყობი, ერთი ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა, ასევე ჩამოგდებულია ათი უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში რუსეთის არმიამ უკრაინის მიმართულებით რვა სარაკეტო და 49 საავიაციო დარტყმა განახორციელა. არიან დაშავებულები. დაზიანდა ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლებიც. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის ძალისხმევა კვლავაც ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკისკენ არის მიმართული.

პარალელურად, რუსული მედია ავრცელებს ცნობას, რომ დღეს დილიდან აფეთქებების ხმა ისმის რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა თქმით, ადგილზე მუშაობდა ანტისარაკეტო სისტემა. კიევში ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ნატო-სთან და ევროკავშირთან მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და აშშ-ს მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.