პროკურატურამ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტზე, ბრალდება კიდევ ერთ პირს წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე დ.კ. და მასთან ერთად მყოფი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორს, ალექსანდრე ლაშქარავას. კერძოდ, ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება. სამართალდამცველებმა დ.კ. 2021 წლის 12 ივლისს დააკავეს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.