სახალხო დამცველის განცხადება და შეფასებები

ომბუდსმენი სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს. სახალხო დამცველი 5 ივლისის მოვლენების საქმეზე ორი ადამიანის დაკავებას ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების მუხლებით ითხოვს. საუბარია „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელ ზურაბ მახარაძეზე და სასულიერო პირზე, დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილზე. ნინო ლომჯარიას აზრით, მედიაში გავრცელებული ვიდეო-მასალები მათთვის შესაბამისი ბრალის წასაყენებლად საკმარისია. არასამთავრობო ორგანიზაციების, ომბუდსმენისა და ოპოზიციის არაერთი მოწოდების და მოთხოვნის მიუხედავად, ორი თვის წინანდელ მოვლენებზე ძალადობის ორგანიზების მუხლით, ჯერ არცერთი ადამიანია პასუხისგებაში მიცემული. დაკავებულ 31-ვე პირს ძალადობასა და ჟურნალისტებზე თავდასხმას ედავებიან. სახალხო დამცველის დღევანდელმა მიმართვამ, ოპოზიციის გარკვეულ ნაწილში ნეგატიური რეაქციები გამოიწვია.