ლექსო ლაშქარავას საქმე

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე იუნესკო ელოდება გამოძიების დასრულებას, საბოლოო ინფორმაციას სახელმწიფოს მხრიდან, რის შემდეგაც მონაცემი განახლდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა განუცხადა.

საგარეო უწყების წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა საკითხთან დაკავშირებით, რომ იუნესკომ „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა კი მოუწოდა ხელისუფლებას უზრუნველყოს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამჭვირვალე და ყოველმხრივი გამოძიება. ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა შეასრულონ პროფესიული მოვალეობა ძალადობის შიშის გარეშე. ეს მოვლენები შესაძლოა გახდეს საფრთხის შემცველი გზავნილი სხვებისთვის და არ შეიძლება დარჩეს დაუსჯელი. ნათქვამია იუნესკოს გენერალური დირექტორის განცხადებაში. ის 11 ივლისს ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. იუნესკოს მოკლული ჟურნალისტების სიაში ლაშქარავას შეყვანის საკითხზე დასმულ შეკითხვას დღეს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, ლექო ლაშქარავას სასტიკად სცემეს პრაიდის მოწინააღმდეგე აქციის წევრებმა ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისის სადარბაზოში. ის 11 ივლისს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.