საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით გუშინ დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს ბრალს დღეს წარუდგენენ. მისი ადვოკატის, ჯუმბერ ქათამაძის განცხადებით, ამ დროისთვის დაკავებულის პოზიცია უცნობია. მისი განმარტებით, დაცვის ქვეშ მყოფს ბრალის წარდგენისას მოინახულებს და დამატებითი დეტალი ეცოდინება. შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით, სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ ხელმძღვანელი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ნასამართლევი გიორგი ოკმელაშვილი დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ცნობით, დაკავებულმა, მიმდინარე წლის 13 მაისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, დაკავებულმა იდაყვისა და მუშტის დარტყმით პოლიციის თანამშრომლებს სახის არეში დაზიანებები მიაყენა.