ბათუმში ძლიერი ქარის დროს დაშავებული 54 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის ბათუმის მედიცინის ცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმების ცნობით, მამაკაცს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და გულ-მკერდის არეში შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.
დაშავებული ბათუმის მერიის სერვისების სამსახურის უფროსი იყო. ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება მეორე დაშავებული. 60 წლის მამაკაცს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მოტეხილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.
უბედური შემთხვევა ბათუმში სტიქიამ გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი მოქალაქე დაშავდა, დაზიანდა ორი ავტომანქანა.