უამინდობა დასავლეთ საქართველოში

ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ზარალი მიაყენა. ქარმა სახურავი გადახადა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს მარტვილში, ასევე რამდენიმე კერძო სახლს ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. ქარმა სახურავი დაუზიანა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლასაც, სადაც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის სავალი ნაწილები გუშინვე გაიწმინდა. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლების ნაწილს, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. წყალდიდობაა ანაკლიაში, მდინარე ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა და სანაპიროსთან მცხოვრები 7 ოჯახი დაიტბორა.

რაც შეეხება მესტიას, ჯვარი-მესტიის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. წუხელვე მოხდა ზვავის შედეგად ჩაკეტილი 19 მოქალაქის ტერიტორიიდან გამოყვანა. პრობლემურ ადგილებში არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან სახელმწიფო რწმუნებული და რეგიონის მერები. რეგიონში ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

სტიქიაა თერჯოლაშიც. ძლიერმა ქარმა ელექტროხაზები დააზიანა, მოგლიჯა მრავალწლოვანი ნარგავები. ქარის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები. მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია ამ დროისთვის შეზღუდვით მიეწოდება. აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.