ძლიერი ქარი კახეთში

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა კახეთში. რეგიონის რამდენიმე ქალაქში ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი დაუზიანდა. ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა, რის გამოც, ლაგოდეხის დამაკავშირებელ უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეფერხდა. მოძრაობა შეზღუდულია ლაგოდეხი-ყვარელსა და ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებით. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ქარმა სახურავის ნაწილი კულტურის სახლს გადახადა, სადაც დროებით საბავშვო-ბაღი ფუნქციონირებს. თელავის ერთ-ერთ სკვერში ქარმა გარე განათების რკინის ბოძები წააქცია, წაქცეულია საახალწლო ნაძვის ხეები თელავში, ალაზნის გამზირისა და კავკასიონის ქუჩის დამაკავშირებელ სკვერში, სოფელ წინანდალსა და გურჯაანის ცენტრში. უამინდობის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც, რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.