ბაგა-ბაღებში ახალი სააღმზრდელო წელი დაიწყო

დღეიდან ახალი სააღმზრდელო წელი დაიწყო ბაგა-ბაღებში. თბილისის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში 61 ათასამდე აღსაზრდელს ელოდებიან და მათთვის მრავალფეროვანი, მხიარული ღონისძიებები იმართება.

ბაღების სააგენტოს ცნობით, მასშტაბური გამაგრება-რეკონსტრუქციების სამუშაოების მიმდინარეობის გამო, დედაქალაქის ხუთ ბაღში სააღმზრდელო პროცესი რამდენიმე კვირის დაგვიანებით დაიწყება, ასევე, გასული არდადეგების პერიოდში, თითქმის ყველა ბაღში ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, შესაბამისად, ბავშვებსა და პერსონალს ბაღებში განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდათ.

ოქტომბრის ბოლოდან გაიხსნება და ექსპლუატაციაში შევა ხუთი ახალი საბავშვო ბაღი. გლდანის 153-ე ბაგა-ბაღში ახალი სასწავლო წელი ბავშვებსა და პედაგოგებს გლდანის გამგებელმა და ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიულოცეს.