დედაქალაქის მთავრობის სხდომა

ბაგა-ბაღების აღსაზრდელების საკვებით უზრუნველყოფა პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მერიის სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე ისაუბრა. ასევე, კალაძემ ისაუბრა პეკინის გამზირზე სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ზონალურ საათობრივი პარკირების დანერგვაზე.

მისი ინფორმაციით, პეკინის შემდეგ იგივე პროექტი ვაჟა ფშაველასა და ყაზბეგის გამზირზეც დაინერგება. ანალოგიური პროექტის ვაკის რაიონში მომზადებისკენ მოუწოდა კალაძემ საკუთარ მოადგილეს. მისივე თქმით, პარკირების საფასური რაიონებიდან გამომდინარე სხვადასხვა იქნება.

აგრეთვე, თბილისის მერი გამოეხმაურა ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ მერია სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებებს უწევს ორგანიზებას. მისი თქმით, ყველა ღონისძიებას საკუთარი ორგანიზატორი ჰყავს, რომელიც ვალდებულია, რეგულაციები დაიცვას. კახა კალაძე ფოტოგრაფების წუხილსაც გამოეხმაურა და დახმარებას დაჰპირდა. დღევანდელ სხდომაზე მერიაში ბოტანიკური ბაღის 2021-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმას დაამტკიცებენ.