გასული წლის 8 ოქტომბერს ბათუმში დატრიალებულმა ტრაგედიამ ქვეყანა შეძრა. ზღვისპირა ქალაქში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის ნგრევამ სამი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ამ ტრაგედიის შემდეგ ბათუმში განსაკუთრებით გააქტიურდა ავარიული საბინაო ფონდის საკითხი. მუნიციპალიტეტის მერიას კორპუსის ავარიულობაზე დღემდე უკვე სამასამდე სახლის მობინადრემ მიმართა. მერია დასკვნის არსებობის შემთხვევაში მობინადრეებს დროებითი, ალტერნატიული ფართით აკმაყოფილებს. გრძელვადიან ჭრილში კი, აჭარის მთავრობამ დაიწყო პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“.