ასტეროიდთა სარტყელი #კოსმოსი

ასტეროიდთა სარტყელი არის მზის სისტემის რეგიონი, რომელიც მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორისაა მოქცეული. იქ თავს იყრის ძალიან ბევრი კლდოვანი ნამსხვრევი, ასტეროიდი და ჯუჯა პლანეტებიც კი. ყველა ეს სხეული მზის გარშემო მოძრაობს.

ხშირად მას ასტეროიდთა მთავარ სარტყელს უწოდებენ. აქვს დისკოს ფორმა. გადაჭიმულია 225 მილიონი კილომეტრის სიგანეზე. ეს რეგიონი პირველად 1801 წელს აღმოაჩინეს. იქ არსებული ასტეროიდები ლითონებისა და ქანებისგან შედგება, აქვთ სხვადასხვაგვარი ფორმები.

ასტეროიდთა სარტყლის უდიდესი ობიექტებია ჯუჯა პლანეტა ცერერა, ასტეროიდი ვესტა, პალასი და ჰიგია. ცერერა ამ რეგიონის ერთადერთი ასტეროიდია, რომელსაც ჯუჯა პლანეტის სტატუსი მიანიჭეს.

მიჩნეულია, რომ ასტეროიდთა სარტყელი მზის სისტემის ადრეული პერიოდის ნარჩენი მასალებისგან შედგება, რომლებსაც იუპიტერის გრავიტაციამ ერთმანეთთან შერწყმა და პლანეტური ბირთვების წარმოქმნის საშუალება არ მისცა.

იქ არსებული ასტეროიდები ხშირად ჩაივლიან დედამიწის სიახლოვეს და ზოგიერთი მათგანი, წარსულში ჩვენს პლანეტასაც შეჯახებია. ასტრონომთა ვარაუდით, სწორედ ასტეროიდთა სარტყლიდან შეიძლება ყოფილიყო მოსული ის გიგანტური ასტეროიდი, რომელიც დედამიწას 66 მილიონი წლის წინ დაეცა და დინოზავრების გადაშენება გამოიწვია.