აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ყრილობა
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ყრილობა

დასრულდა რესპუბლიკელთა ყრილობა. როგორც დემოკრატების, ისიც ოთხდღიანი იყო. ბევრი რამ ჰქონდათ საერთო, ბევრი ნიუანსი კი განსხვავებული.

ესეც „არაკონვენციური კონვენცია“ იყო, პანდემიის გამო, უმეტესად ონლაინ რეჟიმში მიდიოდა. თუმცა, დემოკრატებისგან განსხვავებით, მეტი იყო ცოცხალი, ფიზიკური მონაწილეობა. ვიცეპრეზიდენტის და პრეზიდენტის სიტყვაც აუდიტორიის თანდასწრებით ჩატარდა.

წინ გავუსწრებ მოვლენებს და გეტყვით, ტრამპმა მაინც ვერ გაუძლო ცდუნებას, აჰყვა თავის პომპეზურობის მოთხოვნილებას და დასკვნითი სიტყვა დიდი აუდიტორიის წინ, თეთრი სახლის ეზოში წარმოთქვა – მისი გამოსვლა ოვაციებით და აპლოდისმენტებით წარიმართა, სიტყვის ბოლოს კი ფოიერვერკის სანახაობა მოეწყო. მოქმედ პრეზიდენტს უკვე საყვედურობენ კიდეც, რომ თეთრი სახლი არ უნდა გამოეყენებინა საარჩევნოდ, ამით ტრადიცია დაარღვიაო. მაგრამ, საკვირველი არაფერია, ყველასთვის ფაქტია, რომ მიდის ხელჩართული ბრძოლა, ბრძოლა წესების გარეშე და არც ერთი მხარე უკვე არაფერს  თაკილობს. ტრამპის საბოლოო სიტყვაზე კიდევ მოგახსენებთ, მაგრამ მივყვეთ თანმიმდევრობით.

რესპუბლიკელთა ყრილობაზე გამომსვლელთა ძირითადი მოტივი იყო პატრიოტიზმი, ამერიკის ქება, ტრამპის მიღწევების ქება და ამომრჩევლების იმაში დარწმუნების მცდელობა, რომ მომავალში უკეთესი იქნება.

ტაქტიკურად ყრილობა ასე აეწყო. მოკლე გამოსვლებით, შერეულად, ცნობილი და უცნობი ადამიანები, რომლებიც ძირითადად პერსონალურ ამბავს ყვებოდნენ, ოღონდ ყველა ეს პერსონალური ამბავი ეხებოდა რამე თემას, პრობლემას, რომელსაც დადებითად წყვეტდა რესპუბლიკური ადმინისტრაცია და პირადად პრეზიდენტი. მაგალითად, კიბოსგან განკურნებული ყვებოდა, როგორ უშველა ტრამპის გადაწყვეტილებამ; იყო ყოფილი პატიმრის ისტორია, რომელიც ყვებოდა, როგორ შეეხო მას ტრამპის რეფორმა, ფერმერი საუბრობდა თავის ბიზნესზე, ექთანი კოვიდ-19-თან ბრძოლაზე და ა.შ.

იყო ემოციური მომენტები, გათავისუფლებული მძევლები, შერჩეული ხუთი ადამიანისთვის მოქალაქეობის მინიჭება, დაპატიჟებული იყვნენ დაღუპული პოლიციელების ოჯახები. ტრამპმა ყრილობაზე სრული ამნისტია გამოუცხადა ცნობილ ჯო პონდერს, რომელიც ბანკის ყაჩაღობისთვის 2005 წელს ჩასვეს ციხეში. პონდერმა პატიმრობისას დაიწყო ბიბლიის კითხვა, გახდა ღვთისმოსავი კაცი, ეხმარებოდა სხვებს და ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „იმედი პატიმრებისთვის“ (Hope for Prisoners).

ცხადია, იყვნენ ბობოლა პოლიტიკური გამომსვლელებიც, რომლებიც სტრატეგიაზე, გეგმებზე და მომავალზე ლაპარაკობდნენ. ნიუ იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანი,  ტეხასელი კონგრესმენი, სამხედრო ვეტერანი, რესპუბლიკური პარტიის ამომავალი ვარსკვლავი დენ კრენშოუ, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, სენატორი რენ პოლი და მრავალი სხვა.

ყოველ დღე სიტყვით გამოდიოდნენ ტრამპის შვილები და ოჯახის სხვა წევრები.  პრეზიდენტის დასკვნით სიტყვამდე აუდიტორიას ივანკა ტრამპმა მიმართა. სწორედ მან წარადგინა მამამისი.

აღსანიშნავია პირველი ლედის, მელანიას გამოსვლა – დადებითი ემოციით, გაწონასწორებული, შემრიგებლური…

და თავად პრეზიდენტის გამოსვლა – ტრამპი რისი  ტრამპია, საკუთარი  თავი აქო და ადიდა, წარმატებები ჩამოთვალა, ჯო ბაიდენს გადაუარა. მესიჯი კი ასეთი იყო: თუ გინდათ ამერიკა ამერიკად დარჩეს, მომეცით ხმა!

კიდევ 4 წელი! – ასე ყვიროდა აუდიტორია…

ბრძოლა გრძელდება, წინ დებატებია.