სასამართლოების სისტემა ამერიკაში - ბლოგი პირველი
სასამართლოების სისტემა ამერიკაში - ბლოგი პირველი

მინდა, შემოგთავაზოთ ბლოგების სერია, სადაც მოგიყვებით ამერიკულ სასამართლო სისტემაზე. ეს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული, თავისებური მოვლენაა, რომელიც ფაქტობრივად არის აშშ-ის, როგორც ქვეყნის ქვაკუთხედი. თემა ბევრია და ერთად თუ მივყვებით, ბევრ და საინტერსო დეტალს გავარჩევთ: ხელისუფლების განაწილების პრინციპი, ადგილობრივი, შტატის, ფედერალური და უზენაესი სასამართლოები, სააპელაციო სასამართლო და ნაფიცი მსაჯულების პრინციპი, მოსამართლეების საყოველთაო არჩევითობა და ა.შ.

მაგრამ დავიწყოთ ყველაზე ცხელი, აქტუალური ამბით, რომელიც ახლა საპრეზიდენტო არჩევნებამდე კარგი დეტექტივივით უნდა განვითარდეს და აქ ყველაფერი იქნება – პირადი დრამა, ემოციები, გაცხარება, შურისძიება, ადამიანების ბედი და საბედისწერო გადაწყვეტილებები…

პრეზიდენტმა ტრამპმა დაასახელა უმაღლესი სასამართლოს წევრობის კანდიდატურა, ემი კონი ბარეტი (Amy Coney Barrett). წარდგენა მოხდა მოსამართლე გინსბურგის გარდაცვალების გამო და მისი განთავისუფლებული ადგილის შესავსებად. პრეზიდენტს აქვს ამის უფლება და თითქოს იგი უბრალოდ საკონსტიტუციო მოვალეობას ასრულებს. მან უნდა დაასახელოს და სენატმა დაამტკიცოს.

ჰო და აქ იწყება, რაც იწყება. ასე მარტივად და უვნებლად ნამდვილად არ არის საქმე. მარტო ამ კონკრეტული ამბის ჩახლართული მოტივების, წინა ისტორიის, ინტერესთა კონფლიქტის, მშრალი ჩამოთვლაც კი გრძელ სიას შექმნის. მაგრამ ინტერესს კი ნამდვილად გააღვივებს, ინტერესს სწორედ იმისა, რითაც დავიწყეთ, რათა გავერკვიოთ ამერიკის სასამართლო სისტემაში და ეს პროცესი, რბილად რომ ვთქვათ, მოსაწყენი არ იყო.

მაშ ასე, ტელეგრამულად, მოკლედ.

  • გარდაიცვალა მოსამართლე გინსბურგი, რომელიც 27 წელი იყო უმაღლესი სასამართლოს წევრი, ამ სასამართლოში დემოკრატების და მათი ინტერესების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი და ამჟამინდელი პრეზიდენტის მკაცრი და შეუვალი მოწინააღმდეგე.
  • უმაღლეს სასამართლოში 9 წევრია და ყველა პრეზიდენტი ცდილობს, თუკი ამის საშუალება მიეცემა, თავისი იდეოლოგიის მომხრე მოსამართლე დანიშნოს და პარიტეტი თავის სასარგებლოდ შეცვალოს.
  • ტრამპმა უკვე დანიშნა ორი მოსამართლე, თუ მესამეც დაუმტკიცა სენატმა, პარიტეტი რესპუბლიკელებისკენ მკვეთრად გადაიხრება.
  • ამან დემოკრატების უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც გამალებით ფიქრობენ, რა გზებით, შეუშალონ ხელი ამ დანიშვნას. ჯერ-ჯერობით არაფერი არ მუშაობს, დასაკარგი ძალიან ბევრია და პრეზიდენტი და რესპუბლიკელები ჯიუტად ცდილობენ მიზნის მიღწევას.
  • თითქოს გარდაცვალების წინ გინსბურგმა დაიბარა, რომ მისი მემკვიდრე მხოლოდ ახალმა არჩეულმა პრეზიდენტმა დაასახელოსო. ამ დანაბარებს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს, მაგრამ ემოციურ მუხტს კი ქმნის და მომხრეების მობილიზებისთვის კარგია.
  • ცოტა რამ მოსამართლე ბარეტზე. 7 შვილის დედა, აქედან ორი აყვანილია ჰაიტიდან, ერთი კი დაუნის სინდრომის მქონე. კარიერული იურისტი, რომელმაც წარმატებით დაამთავრა ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლებელი, გაიარა მოქმედი სასამართლოს თანამშრომლის ყველა საფეხური, კლერკიდან მაღალი დონის მოსამართლემდე. უმაღლეს სასამართლოშიც კი უმუშავია, ლეგენდარული მასამართლის, ენტონი სკალიას, თანაშემწედ. ბოლოს კი სწორედ ამჟამად მოქმედმა სენატმა უყარა კენჭი მის დამტკიცებას სააპელაციო სასამართლოში 2 წლის წინ. გადამწყვეტი უპირატესობით გავიდა, 100-დან 75 ხმა მიიღო.

დიდი ბრძოლა იქნება საპრეზიდენტო არჩევნებამდე უზეანეს სასამართლოში ვაკანტური ადგილისთის. არჩევნები 3 ნოემბერს არის. მანამდე კი, წინა სამშაბათს რესპუბლიკელებს უნდათ ეს ბრძოლა მოიგონ, და უმაღლეს სასამართლოში უპირატესობა უზრუნველყონ.

რატომ არის ეს უპირატესობა ასეთი მნიშვნელოვანი? რა არის, რისი უფლება აქვს აშშ-ის უზენაეს სასამართლოს? როგორ არის აშენებული ეს სასამართლო პირამიდა საძირკველიდან წვერამდე,ჩვენს შემთხვევაში კი წვერიდან ძირამდე? სწორედ ამის შესახებ მინდა მოგიყვეთ შემდეგ ბლოგებში.

ერთად გავერკვიოთ ამ ჩახლართულ ამბებში კონკრეტული მოვლენების მაგალითზე.

აბა დროებით…