არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პროკურატურამ კვალიფიკაცია შეცვალა

ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პროკურატურამ კვალიფიკაცია შეცვალა.

მიმდინარე გამოძიებას წამების ბრალდებაც დაემატა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამხარაულის დასკვნამ არჩილ ტატუნაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი კიდევ ერთხელ დაადასტურა.

გამოძიებას ენდობა ტატუნაშვილის მამა, რომელიც დღეს ადვოკატთან ერთად თითქმის ორი საათის განმავლობაში დეტალურად ეცნობოდა ექსპერტიზის დასკვნას სამხარაულის ბიუროში.

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული და ცხინვალის იზოლატორში მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახი ახლა კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელიც საქმის სხვა მასალებთან ერთად სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელს დაერთვება.