დღეს, 2 აპრილს, საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლის, არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. ის 38 წლის გახდებოდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ტატუნაშვილის ოჯახი იმყოფებოდა. განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა. „მართლმსაჯულების წინაშე წარდგება ყველა პირი, ვინც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში არის დამნაშავე. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ბერკეტს, – წერს პრემიერი ღარიბაშვილი. „ოკუპაციასთან მისი შეურიგებლობა და სამშობლოს ერთგულება სამაგალითოა ჩვენი ახალგაზრდობისთვის, – ვკითხულობთ მთავრობის მეთაურის განცხადებაში.
არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ ახალგორში 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად გარდაიცვალა. საოკუპაციო რეჟიმი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ამბობდა უარს ქართული მხარისა და ოჯახისთვის გადმოეცათ ტატუნაშვილის ცხედარი. საბოლოოდ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. იგი თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
მოამბე