დიალოგი დაიწყო, პროტესტი მაინც გრძელდება – მშობლები, რომლებიც ორი კვირაა, აქონდროპლაზიის სინდრომის სამკურნალო წამლის შემოტანას ითხოვენ, ჯანდაცვის სამინისტროში მივიდნენ.
აქციის მონაწილეები უწყების მხრიდან შეცვლილ პოზიციაზე საუბრობენ და დადებით პროგნოზებს აკეთებენ, თუმცა პრეპარატ „ვოზორიდიტის“ შემოტანის წერილობით გარანტიამდე პროტესტის შეწყვეტას მაინც არ აპირებენ. ამერიკული კომპანია „ბიომარინის“ მიერ შექმნილი, ამერიკის და ევროპის შესაბამისი უწყებების მიერ ავტორიზებული და ცალკეული ქვეყნების ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩენილი მედიკამენტი აქონდროპოლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებში ძვლის ზრდას უწყობს ხელს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელ შესაძლო გვერდით ეფექტებზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით გამოკვლევებს ატარებს და პირველად ადასტურებს, რომ წამლის შემოტანის გადაწყვეტილება შესაძლოა ჯანმო-ს რეკომენდაციამდეც მიიღოს. დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვა ისიც, რომ აქონდროპლაზიის სამკურნალო პროტოკოლი, რომელშიც „ვოზორიდიტის“ გამოყენებაც იქნება გათვალისწინებული, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს მომზადდება.