ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

როდის გახდება ხელმისაწვდომი აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი? – ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ სპეციალურ საბჭოს საკითხის განხილვისა და ობიექტური გადაწყვეტილებისთვის გონივრული ვადა ჰქონდა, რომელიც უკვე ხვალ იწურება. უწყებაში განმარტავენ, რომ პროცესის დაჩქარება არასწორია, რადგან ექსპერტების მხრიდან პროცედურების დაცვა ახალი მედიკამენტის დანერგვასთან დაკავშირებულ რისკებს აზღვევს. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ საბჭოს წევრების წერილობითი დასტურის შემდეგ, მედიკამენტი „ვოსორიტიდი“ მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება. უწყების განმარტებით, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებთან სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია.