აქონდროპლაზიის სამკურნალო პროტოკოლი დამტკიცდა

სამთვიანი მოლოდინი დასრულდა. აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების სამკურნალო პროტოკოლი დამტკიცებულია. თუმცა, ამერიკული კომპანია „ბიომარინის“ მიერ წარმოებულ პრეპარატ „ვოზორიდიტი“ შემოტანის ზუსტი თარიღი ამ დრომდე არ არის დაზუსტებული.

გეგმის მიხედვით, ქვეყანაში სამკურნალო წამლის დანერგვა წლის ბოლომდე უნდა მოხდეს. სავარაუდო დროდ შემოდგომა სახელდება. პირველ ეტაპზე მედიკამენტს 5-6 ბავშვი მიიღებს, რომელიც იშვიათ დაავადებებზე მომუშავე საბჭომ ასაკის გამო შეარჩია. „ვოზორიდიტის“ მიღება 14 წლის ასაკამდეა ეფექტური. თანმდევი გვერდითი ეფექტებით მოსალოდნელი რისკების დასაზღვევად ინექცია იაშვილის კლინიკაში გაკეთდება. აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები, რომლებიც თვეების განმავლობაში სამკურნალო წამლის შემოტანის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავდნენ, დღევანდელი გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან.