აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი უკვე საქართველოშია

მედიკამენტი ვოზორიდიტი უკვე საქართველოშია. ინფორმაციას ადასტურებს ჯანდაცვის სამინისტროც. ამ ეტაპზე კრიტიკული საჭიროებიდან გამომდინარე, აქონდროპლაზიით დაავადებული ოთხი ბავშვის დოზაა ჩამოსული. შერჩეულ კატეგორიიდან სამს მალე ზრდის ზონები ეხურება, ერთს კი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს. წამალს ეტაპობრივად მიიღებენ დანარჩენი ბავშვებიც. „ვოზორიდიტი“ აქონდროპლაზიის დაავადების მართვის მიზნით გამოიყენება და საქართველოში მისი გამოყენება 0-დან 18-წლამდე ასაკის კატეგორიაში მოხდება. როგორც მშობლები ამბობენ, წამლის პირველი დოზების გამოყენება ხვალ დაიწყება. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით შერჩეულია მხოლოდ ერთი – იაშვილის სახელობის კლინიკა. მშობლების ინფორმაციით, როგორც მსოფლიოშია აპრობირებული, ერთი თვის შემდეგ წამალს ბინაზე გაატანენ და შვილებს თავად გაუკეთებენ.