აქცია ონში ჰესების კასკადის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით

საპროტესტო აქცია გაიმართა ონში – აქციის მონაწილეებმა მდინარე რიონზე ჰესების კასკადის დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტეს. აქცია სადგურის მოედანზე დაიწყო და მოგვიანებით მონაწილეებმა ონის მერიის შენობის წინ გადაინაცვლეს. მოძრაობა „არა ონის კასკადს“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე მონაწილეები აცხადებდნენ, რომ კასკადის მშენებლობა საფრთხეს უქმნის რაჭას, ამიტომ მისი განხორციელების საშუალებას კომპანია „ფერის“ არ მისცემენ.

მოძრაობამ სარჩელით უკვე მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. მათ ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. აქციაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „მწვანე ალტერნატივა“, „ენერგოეფექტურობის ფონდი“ და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“. ადგილზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. აქციას შეუერთდნენ „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე და ყოფილი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე. აქციაზე გიორგი ვაშაძის გამოჩენას აქციის რამდენიმე მონაწილის მხრიდან, პროტესტი მოჰყვა.