პროტესტი მშენებლობის წინააღმდეგ

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის თანამშრომლები, შენობის წინ მიმდინარე სამუშაოებს აპროტესტებენ. მათი თქმით, ცენტრის ქვემოთ, კერძო მესაკუთრეს რესტორნის კიბის მოწყობა სურს. თანამშრომლები განმარტავენ, რომ სამუშაოების პროცესში აღმოჩნდა არქეოლოგიური ფენა, რომლის დაზიანებაც დაუშვებელია. ამასთან, მათივე განმარტებით, იშლება თაღოვანი ნაწილი, რის შემდეგაც შენობა საფრთხის ქვეშ დადგება. მერიაში აცხადებენ, რომ ათონელის #9-ში მიმდინარეობს მესაკუთრის მიერ კიბის უჯრედის მოწყობის სამუშაო, რაც შეთანხმებულია მერიის შესაბამის უწყებებთან და გაცემულია თანხმობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მიერ.