„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. ისინი პირველი სექტემბრიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსში“ იმ მუხლების ამოქმედებას აპროტესტებენ, რომლებიც არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით, მაუწყებლებს დამატებით ვალდებულებებს უწესებს. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები კანონის გაუქმებას მოითხოვენ. „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდულ ფრთას სურდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შენობაში შესვლა და სიმბოლურად ბოქლომის გადაცემა, თუმცა დაცვის წევრებმა და პოლიციამ მას ამის საშუალება არ მისცა, ამიტომ აქციის მონაწილეებმა ბოქლომი შენობის შესასვლელში მოაჯირს დაადეს. აქციის მონაწილეების საპასუხოდ, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კომენტარი არ გაკეთებულა.