აქცია ბათუმში - გამოხმაურება

საკრუიზო გემმა, „ასტორია გრანდემ“, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ბათუმის ნავსადგური პროტესტის ფონზე დატოვა.

ადგილზე შეკრებილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ლაინერი შეძახილებით გააცილეს, მათ შორის იყვნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პოლიციამ 23 პირი დააკავა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, ბათუმის ნავსადგურში შემოსული პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემის მფლობელი კომპანია საერთაშორისო სანქციების სიაში არ ფიქსირდება. ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს. მათი თქმით, ლაინერის შემოსვლა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ნაწილია. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტის გამოყენებით ოპოზიცია პროვოკაციის მოწყობას ცდილობს.